კულტურა
ბორჯომ-ხარაგაულის პარკმა "ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორიების" ტიტული მოიპოვა
ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნული პარკები "საქართველოს ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორიების" ტიტულის მფლობელები გახდნენ. მოპოვებული გამარჯვება Welcome To Georigia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ კუსიდიმ მიულოცეს.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბესიკ კუსიდიმ აღნიშნა, ისეთი მნიშვნელოვანი კონკურსები, როგორიც ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებაა, ხელს უწყობს ეკოტურიზმის პოპულარიზაციას.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დირექტორის განცხადებით, წელს, პირველად, კონკურსი სახეცვლილი ფორმატით ჩატარდა და მისი მიზანი იყო მოტივაციის ამაღლება. სწორედ ამიტომ დასახელდა ორი გამარჯვებული, რაც ხელს შეუწყობს ამ უნიკალური ეროვნული პარკების ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას.
ფოტოზე: დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ბესიკ კუსიდი და ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელი მარინა ჩაიკა.

"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილი საერთაშორისო სტანდარტის პირველი ეროვნული პარკია. იგი ლაშქრობის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. აქ არსებული სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების, კულტურული და საგანმანათლებლო ტურები დაუვიწყარ და ჯადოსნურ მოგზაურობას სთავაზობს ვიზიტორებს!

არნახულად ლამაზი ბუნება, ტრადიციების ნამდვილი კერა, საოცრად თბილი გარემო, ხალხი და ძალიან მრავალფეროვანი შთაბეჭდილებები - კავკასიონის მთებში მიკარგული თუშეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრეა. იდუმალებით მოცული ეს მხარე საქართველოს ყველა სხვა კუთხისაგან განსხვავებულია და მისი მრავალფეროვანი ბუნება და კულტურა აჯადოვებს აქ ჩამოსულ ადამიანებს"
- წერია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

"ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების" 2020 წლის ნომინაციებზე რეგისტრაცია 10 აგვისტოს დაიწყო და 13 ნოემბერს დასრულდა.
| Print |