კულტურა
აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოები იწყება
მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმნის თანამედროვე კურორტად ფორმირებისათვის 2020 წელს აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული XIX-XX საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის, ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ასევე, შემუშავდა დაბა აბასთუმნის გენგეგმა და დასრულდა დაბის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები.

„ამასთან, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი 77 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის, წყალმომარაგებისთვის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპის, არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები. აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოები მოიცავს მდინარე ოცხეს კალაპოტის, ხიდების, ცენტრალური გზისა და საუბნო გზების რეაბილიტაციას. ასევე, დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, ველო-ბილიკების, რეკრეაციული და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2022 წლის პირველ ნახევარში დაბა აბასთუმანი სრულად განახლებული, თანამედროვე კურორტი იქნება. აბასთუმნის ურბანული განახლების ორივე ეტაპის სამუშაოები „მსოფლიო ბანკის“ მხარდაჭერით ხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმნის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 51 010 108 ლარზე, 2020 წლის 25 დეკემბერს გამოაცხადა.
| Print |