კულტურა
"თუ მაყურებელი არ არის თეატრი კვდება" - 14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
დღეს ქართული თეატრის დღეა. მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, არსებობის ისტორიაში პირველად, პანდემიის გამო, ამ დღეს უჩვეულოდ ხვდება. არ არის რეპეტიციები, არ არის სპექტაკლები და პრემიერები. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის გამო, რთული პერიოდი აქვს თეატრებსაც.

"ურთულესია ეს პერიოდი, რადგან თეატრი მაყურებლის გარეშე არ არსებობს. გარდა იმისა, რომ მსახიობია, თეატრია, მისი მთავარი კომპონენტი არის მაყურებელი. თუ მაყურებელი არ არის თეატრი უკვე კვდება. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ვიქნებით, გინდათ მსახიობი, რეჟისორი, ადმინისტრაცია“ - აცხადებს ლია სულუაშვილი.

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი "მეცხრე არხთან განმარტავს, რომ ჯერ არ იციან, როდის შეძლებენ მაყურებელთან შეხვედრას. განკარგულების მიღებისთანავე, სამხატვრო დასი იმ სპექტაკლების აღდგენაზე დაიწყებს მუსაობას, რომელიც გასულ წელს პანდემიის გამო, თეატრმა მაყურებელს ვერ წარუდგინა.

"ამხელა ინფექცია მძვინვარებს. თეატრები მთელ ქვეყანაში გაჩერებულია. ველოდებით, როდის მივიღებთ განკარგულებას, რომ დავიწყოთ მუშაობა. ჩვენ მზად ვართ, გვექნება აღდგენითი სამუშაოები იმ დაწყებული სპექტაკლებისა, რომელიც 2020 წელს დავასრულეთ, ვერ გამოვუშვით და მაყურებლამდე ვერ მივიტანეთ. მთავარია, ჩაცხრეს ინფექცია, რომ გამართულად შეძლონ თეატრებმა კვლავ მუშაობა და დაიბრუნონ ერთგული მაყურებელი" - აღნიშნავს ლია სულუაშვილი.

ქართული პროფესიული თეატრის დღე პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა დააარსა. პირველი წარმოდგენა 1850 წლის 2 (14) იანვარს გაიმართა. თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში, სცენისმოყვარეთა ძალებით, ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილეობით მისივე პიესა "გაყრა" წარმოადგინეს. ეს თარიღი ქართული თეატრის აღდგენის თარიღად არის მიჩნეული და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.
| Print |