კულტურა
ბორჯომში საქართველოს პირველი ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია იწყება
ბორჯომის მინერალური წყლის პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის ისტორიული შენობა-ნაგებობები და ჰიდროენერგეტიკული დანადგარები სრულად აღდგება. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სარეაბილიტაციო პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდება.

"ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლი მის ავთენტურ არქიტექტურულ იერსახეს აღიდგენს. სამუზეუმო დატვირთვას შეიძენენ შენობები, რომელიც რუსული იმპერიული მმართველობის დროს - 1899 წელს აშენდა. სააგენტოს მიერ მომზადებული მუზეოგრაფიის პროექტის მიხედვით მოეწყობა საექსპოზიციო სივრცეები, სადაც ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდებში დაცული ისტორიული არტეფაქტები და დოკუმენტები განთავსდება. კეთილმოეწყობა კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია," - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირველი ქართული ჰიდროელექტროსადგური 1898 წელს აშენდა. ბორჯომის მინერალური წყლების ლაბორატორიის ხელმძღვანელს არქიტექტორ მოლდენჰაუერს ლიკანის სასახლის ელექტროენერგიის უზრუნველყოფა დაევალა. 1999 წლის იანვარში ჰიდროელექტროსადგური უკვე ექსპლუატაციაში შევიდა. მისი საერთო სიმძლავრე 60 კვტ-ს შეადგენდა. 1950 წელს ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება შეწყვიტა.

მდინარე ბორჯომულაზე აგებული ჰესი ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში, პეტერბურგის და ახალი ათონის ჰესების შემდეგ.
| Print |