კულტურა
ვარძიის კომპლექსს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო გადაეცა
ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო, ევროპა ნოსტრას პრიზი გადაეცა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

"შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო/ ევროპა ნოსტრას პრიზი ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო. ევროკომისიისა და ორგანიზაცია ევროპა ნოსტრას კონკურსში საქართველოდან წარდგენილ სანომინაციო განაცხადი ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა სხვა 8 ნომინანტთან ერთად, რომლებიც კონსერვაციის კატეგორიაში სამაგალითო მიღწევებად დასახელდა. 2021 წელს ევროპის წამყვანი ჯილდო 7 სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცა 18 ევროპული ქვეყნის 24 პროექტს".

2021 წლის გამარჯვებულები ონლაინ ღონისძიებაზე ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ევროკომისარმა მარია გაბრიელმა და ევროპა ნოსტრას აღმასრულებელმა პრეზიდენტმა ჰერმან პარცინგერმა დაასახელეს. დაჯილდოების გამარჯვებულები მემკვიდრეობის ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიურისა და 30 ქვეყნის ორგანიზაციისა და ინდივიდუალური პირების ხმების საფუძველზე გამოვლინდნენ.

2021 წლის გამარჯვებულები, კატეგორია - კონსერვაცია:

Gare Maritime, ბრიუსელი, ბელგია;
ფრედენსბორგის სასახლის ბაღი, დანია;
ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, საქართველო;
Haus Am Horn, ვაიმარი, გერმანია;
პლაკას ხიდი, ეპირუსი, საბერძნეთი;
ზედა ორმონდ კეის 18 Ormond Quay Upper, დუბლინი, ირლანდია;
სოფელი ურსის ხის ეკლესია, ვილჩის ჟუდეცი, რუმინეთი;
ბეზოს წყლის კოშკი, ბარსელონა, ესპანეთი;
Mas de Burot, ელ პორტის ბუნებრივი პარკი, ესპანეთი.

26 მაისიდან მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნების მემკვიდრეობის მხარდამჭერ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გამარჯვებული პროექტებიდან ხმის მიცემით გამოავლინონ „საზოგადოების რჩეულის“ ჯილდოს მფლობელი. ამ პრიზის ლაურეატი ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოების ცერემონიაზე ოქტომბერში დასახელდება. აღნიშნულ თვეს გამოვლინდებიან ნომინაციების გრან პრის მფლობელებიც, რომლებიც ფულადი პრიზის სახით 10 000 ევროს მიიღებენ.

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, როგორც შუა საუკუნეების მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, აქტიურ სეისმურ რეგიონში მდებარეობის გამო დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა. კომპლექსის საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მისი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და ფონდმა „ქართუმ“ ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მონიტორინგის სისტემა და პროაქტიული კონსერვაციის პროექტი დააფინანსა. იტალიის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტ ISPRA-სთან მჭიდრო თანამშრომლობით პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით წარიმართა.

საუკუნეების განმავლობაში ქანების ეროზიის ბუნებრივი პროცესები, სეისმურ აქტივობასთან ერთად, საფრთხეს უქმნიდა ძეგლის მთლიანობას. ბოლო წლების განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ კი უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გადაუდებელი აუცილებლობა შექმნა. ადგილობრივი პროფესიონალებისა და მკვლევარების ცოდნისა და გამოცდილების ასამაღლებლად და მეთოდოლოგიური დახმარებისთვის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწვეულნი იყვნენ ISPRA– ს ექსპერტები, რის შედეგადაც შეიქმნა კონსერვაციის ყოვლისმომცველი გეგმა. 2015 წლიდან 2019 წლამდე ვარძიაში ქვათაცვენისა და მეწყერების შესაჩერებლად არაერთი გადაუდებელი ღონისძიება ჩატარდა. ჰორიზონტალური ბურღვებისა და დაანკერების მეთოდით გამაგრდა ისტორიული კომპლექსის კრიტიკული კლდოვანი მასივები. შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია. შემუშავდა და დამონტაჟდა მონიტორინგის კომპლექსური სისტემა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ამუშავებს გარემო პირობების საკვანძო მონაცემებს და გადასცემს სამეცნიერო ჯგუფს ანალიზისთვის. მონიტორინგის სისტემა ხელს უწყობს ზიანის შემცირებას და ვარძიის გრძელვადიანი სტრუქტურული სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მშენებლობა XII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო მეფე გიორგი III- მ და დაასრულა მისმა ქალიშვილმა, თამარ მეფემ. კომპლექსი გაშენებულია კლდის გასწვრივ, გადაჭიმულია 50 მეტრის სიმაღლეზე და დაახლოებით, 800 მეტრი სიგრძეზე. ის შედგება რამდენიმე ასეული დამოუკიდებელი სათავსისაგან. XII საუკუნით დათარიღებული ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის კედლის მხატვრობა ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და მნიშვნელოვანი ნიმუშია. კომპლექსი 1993 წლიდან შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში.
| Print |