კულტურა
ასპინძაში 5 500 წლის ნაგებობები, ჭურჭელი და ყორღანი აღმოაჩინეს
ასპინძის სოფელ ჭობარეთში, არქეოლოგების ერთთვიანი მუშაობა მნიშვნელოვანი აღმოჩენებით დასრულდა. სპეციალისტებმა ადრებრინჯაოს ხანის, 5 500 წლის წინანდელი ნამოსახლარის მეორე ტერასის გათხრისას, რვა ნაგებობის ნაშთი დააფიქსირეს. ერთ-ერთ მათგანში თიხის ჭურჭლის 19 ფრაგმენტი აღმოჩნდა.

აღმოჩენილია ყორღანული სამარხი, სადაც ბედენური კულტურის (ქრისტეს შობამდე 25-ე საუკუნე) ორნამენტირებულ კერამიკას მიაკვლიეს. აღნიშნული პერიოდის ყორღანის აღმოჩენა სამცხე-ჯავახეთში პირველი შემთხვევაა.

ნასახლარი 2008 წელს, ასპინძა-ახალციხის მაგისტრალური გაზსადენის გაყვანის დროს გამოჩნდა. მას შემდეგ ნასახლარის არქეოლოგიური კვლევა ყველს წელს ხორციელდება. ტერიტორიის შესწავლას საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.

სპეციალისტების თქმით, ეროზიული პროცესების გამო უნიკალური ძეგლი ზიანდება, ამიტომ საჭიროებს არქეოლოგიური მეთოდების გამოყენებით ფიქსაციას და კონსერვაციას.

ტერასული ნამოსახლარის სიგრძე 800 მეტრს, სიგანე კი 250 მეტრს აღწევს. ის მიეკუთვნება მტკვარ-არაქსის კულტურას.


| Print |