კულტურა
ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი თბილისის თავისუფალმა თეატრმა გახსნა
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ეროვნული დრამატურგიის მეექვსე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყო. პირველი სპექტაკლი 10 ოქტომბერს გაიმართა. მესხი მაყურებლის წინაშე თბილისის თავისუფალი თეატრის დასი წარსდგა ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლით "სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი". 

11 ოქტომბერს გამოცხადებული გლოვის დღის გამო, ქუთაისის ლ. მესხიშვილის თეატრის სპექტაკლი 17 ოქტომბერს გადაიდო, ამიტომ ფესტივალის ფარგლებში, შემდეგი სპექტაკლი 12 ოქტომბერს გაიმართება. ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს თ. მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალი“.

ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის თეატრალური დასის 15 სპექტაკლი იქნება ნაჩვენები. (აფიშა იხილეთ აქ)

წარმოდგენა ყოველ დღე, 19:00 საათზე გაიმართება. ბილეთის ფასი 5 ლარია.

ორი კვირის განმავლობაში, ნაჩვენები იქნება ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის, რუსთავის, ფოთის, გორის, ბათუმის სახელმწიფო თეატრების, ახმეტელის, თუმანიშვილის, თბილისის სომხური და მოზარდ მაყურებელთა თეატრების სპექტაკლები. ფესტივალში მონაწილეობენ მოლდოვის და უკრაინის თეატრალური დასები.

ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მესხეთის ეროვნული თეატრი 25 ოქტომბერს დახურავს სპექტაკლით „სტუმარ-მასპინძელი".

| Print |