კულტურა
ახალქალაქელი ალიკ ქსპოიანი "ქართული ქორეოგრაფიის რაინდის ორდენით" დაჯილდოვდა
ფესტივალზე „Caucasus 2022“, რომლის ფინალი ბათუმში გაიმართა, ახალქალაქის კულტურის სახლის დირექტორი ალიკ ქსპოიანი "ქართული ქორეოგრაფიის რაინდის ორდენით" დაჯილდოვდა. იგი ადგილობრივი აშუღია (სახალხო მგოსანი და მომღერალი).

ფესტივალი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ქალაქ ონიდან 2 ივლისს დაიწყო და ბათუმში დასრულდა. მასში ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი ქართული ეროვნული ცეკვების პოპულარიზაცია და სხვადასხვა ეროვნების კულტურების გაცნობა იყო. ახალქალაქიდან ფესტივალში მონაწილეობას ანსამბლი "ჯავახკი" იღებდა.

„მოწვევა რომ მივიღე ძალიან გამეხარდა, რადგან ამაზე ფიქრიც კი არ შემეძლო. წელს ჩვენ და ანსამბლი თითქოს ყველგან წინა პლანზე ვიყავით, დიდი ყურადღება მოგვაქციეს. ჩემი ბავშვები ძალიან კარგად გამოვიდნენ ქობულეთში, ბათუმში, ძალიან გულთბილად დაგვხვდნენ, აპლოდისმენტები მივიღეთ. ყველაფერი კარგი იყო. სიურპრიზი იყო ჩემთვის „ქართული ქორეოგრაფიის რაინდის ორდენის“ მიღება. იქ ჩემი პირველი ქართული სიმღერა ვიმღერე“, - ამბობს ალიკ ქსპოიანი.

ფესტივალზე ანსამბლმა აშუღის სიმღერის თანხლებით, სომხური ცეკვები შეასრულა, თუმცა "ჯავახკის" რეპერტუარში არაერთი ქართული ცეკვა შედის.

საქართველოს ქორეოგრაფიულმა საზოგადოებამ ალიკ ქსპოიანს ორდენი ქართულ ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ქორეოგრაფიის სფეროში მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის გადაეცა. ეს არის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო ამ სფეროში.

ქსპოიანი არის სომეხ მწერალთა კავშირის „ვერნატუნის“ წევრი საქართველოში და დაჯილდოებულია არაერთი მედლით საქართველოდან, სომხეთიდან და რუსეთიდან.

წყარო: Jnews.ge
| Print |