კულტურა
2 ნომერი "ასპენდოს არენაზე" და სოლო კონცერტი ანტალიაში - "მესხეთი" გასტროლებისთვის ემზადება
ქორეოგრაფიული ანსამბლი "მესხეთი" გასტროლებისთვის ემზადება, რომელიც 23 და 25 აგვისტოს თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართება.

23 აგვისტოს მოცეკვავეები ისტორიულ ამფითეატრში "ასპენდოს არენაზე" ადგილობრივ ანსამბლ "ანატოლიის ცეცხლთან" ერთად იცეკვებენ, რომელიც მაყურებლისთვის სოლო კონცერტს მართავს.

"ანატოლიის ცეცხლი" სხვადასხვა ერის მოცეკვავეებით დაკომპლექტებული ანსამბლია. "მესხეთის" ქორეოგრაფის ლევან ქიმერიძის თქმით, უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, რადგან "ანატოლიის ცეცხლს" საკუთარ სოლო კონცერტზე ამ დრომდე არავინ მიუწევევია. ქიმერიძის განმარტებით, მათ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გამართული კონცერტის ვიდეოები ნახეს და მათი მიწვევა ამის შემდეგ გადაწყვიტეს. "ასპენდოს არენაზე" ისინი ორი საცეკვაო ნომრით წარსდგებიან. "მესხეთის" მოცეკვავეები "ყაზბეგურსა" და "მხედრულს" შეასრულებენ.

25 აგვისტოს ანტალიის მერის მიწვევითა და ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ "მესხეთის" სოლო კონცერტი გაიმართება. ლევან ქიმერიძის თქმით, ანსამბლი გასტროლებზე ბენდთან ერთად მიდის.

"2019 წელს ანტალიაში მერიის მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე ვიყავით. ანტალიიის მაშინ მერს ძალიან მოეწონა ჩვენი ანსამბლი. გაიგეს, რომ მივდივართ 23-ში და პარალელურად, 25-ში დაიგეგმა სოლო კონცერტი. 10 ცეკვა გვაქვს მომზადებული. საათნახევრიანი პროგრამა მიგვაქვს.

რაც შეეხება "ასპენდოს არენაზე" ცეკვას, "ანატოლიის ცეცხლთან" ერთად გამოსვლა ძალიან სერიოზული ფაქტია",
- ამბობს ქორეოგრაფი. 

ანსამბლი "მესხეთი" ფესტივალებში მონაწილეობას იშვიათად იღებს. ლევან ქიმერიძეს მიაჩნია, რომ უცხო ქვეყანაში სოლო კონცერტის გამართვა უფრო პრესტიჟულია, ვიდრე ფესტივალზე მაქსიმუმ სამი ცეკვის გატანა.

შეგახსენებთ, რომ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში "მესხეთის" სოლო კონცერტი, 26 ივნისს, ანსამბლის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.
| Print |