კულტურა
"ბორჯომობა 2022"-ის ორგანიზება ადგილობრივ მერიას 84 000 ლარზე მეტი უჯდება
ბორჯომში ქალაქის დღესასწაულისთვის ემზადებიან. "ბოროჯმობა 2022" 17 სექტემბერს საზეიმოდ აღინიშნება. დაგეგმილია კულტურული და გასართობი ღონისძიებები, რომელიც ბორჯომის ცენტრალურ პარკში 12:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება. სახალხო დღესასწაული ფოიერვერკით, შემდეგ კი საზეიმო ვახშმით დასრულდება. 

ღონისძიების ორგანიზებისთვის ბორჯომის მერიამ სამი ხელშეკრულება გააფორმა, აქედან ორი გამარტივებული შესყიდვაა, ხოლო ერთზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. 

"ბორჯომობა 2022"-ის ორგანიზებისა და საზეიმო ვახშმისთვის ელექტრონული ტენდერი მერიამ 12 აგვისტოს გამოაცხადა. თავდაპირველი ხელშეკრულება ინდმეწარმე დავით გოდერძიშვილთან 65 466 ლარზე გაფორმდა, რაც ღონისძიებების გამართვის გარდა, 100 ადამიანის კვებით მომსახურებას ითვალისწინებდა. 9 სექტემბერს ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც სტუმრების რაოდენობა 150-მდე, ხოლო ჯამური თანხა 71 956 ლარამდე გაიზარდა. საზეიმო ვახშმისთვის მერიას 10 500 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

რაც შეეხება კულტურული ღონისძიებების დასკვნით ნაწილს, გამარტივებული შესყიდვით, ხელშეკრულება გაფორმდა მომღერალ მაგდა ვასაძესთან და ანსამბლ "ჩვენებურების" წარმომადგენელთან სოლომონ გოგაშვილთან, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 12 120 ლარი დაიხარჯება. თანხის ნახევარი "ჩვენებურებს", ხოლო მეორე ნახევარი მაგდა ვასაძეს ჩაერიცხება.

"ბორჯომობა 2022"-თან დაკავშირებით, 17 სექტემბერს ცენტრალურ პარკში შესვლა და ატრაქციონები უფასო იქნება. ასევე, უფასოდ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი.
| Print |