კულტურა
ასპინძაში "შოთაობის" სახალხო დღესასწაული იზეიმეს

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში პოეზიის სახალხო დღესასწაული ,,შოთაობა 2022'' იზეიმეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

დღესასწაულის აღნიშვნა 12:00 საათზე ადგილობრივი წარმოების პროდუქტებისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვით დაიწყო. ასევე გაიმართა შეჯიბრი სპორტულ აქტივობებში: მკლავჭიდში, ჭიდაობასა და ქვის აზიდვაში. გამარჯვებულებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით დაწესებული სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. ასევე გაიართა ადგილობრივი და მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი.

დღესასწაულზე გამოავლინეს "საპატიო ასპინძელებიც". წელს ეს წოდება ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ, დაბაში მცხოვრებმა თამარ ყიფიანმა და სოფელ რუსთავის მკვიდრმა დევანოზ ინასარიძემ მიიღეს.

დღესასწაულზე ასპინძის მერმა მუნიციპალიტეტის ახალდაქორწინებული წყვილები "ვეფხისტყაოსანით" დაასაჩუქრა.

"შოთაობის" სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში ყოველწლიურად აღინიშნება, რადგან ერთ-ერთი ვერიით შოთა რუსთაველი სწორედ მესხეთის ამ სოფლიდან იყო.

ღონისძიების გამართვა ასპინძის მერიას წელს 34 821 ლარი დაუჯდა.

| Print |