კულტურა
რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა - თეა წულუკიანი აბასთუმნის შესახებ გადაღებულ ფილმზე

მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმი „ჯადოსნური მთა” კინოფესტივალ „ოქროს გარგარის” ერთ-ერთი გამარჯვებულია. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმს ფესტივალის ჯილდო – „ვერცხლის გარგარი” ჯერ კიდევ ზაფხულში გადაეცა.

,,წელს ტურბულენტური, მაგრამ ძალიან წარმატებული წელი იყო ჩვენი სამინისტროსთვის ამ დარგში [კულტურა]”, – ასე დაიწყო თეა წულუკიანმა საუბარი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში და გააგრძელა მარიამ ჭაჭიას ფილმის “ჯადოსნური მთის” მიმოხილვითა და რეჟისორის კრიტიკით. „იმედის“ ეთერში დათმობილი ნახევარსაათიანი ეთერიდან 15 წუთზე მეტი მინისტრმა რეჟისორის კრიტიკასა და აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის „ამაღორძინებელ“ საქმიანობაზე საუბარს მიუძღვნა.

„კინოცენტრი თავს გრძნობს მოტყუებულად. ეს ფილმი დაფინანსებული იქნა 2016 წელს, როგორც დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „აბასთუმანი“, კონკრეტული სცენარის საფუძველზე და ხელშეკრულებაში, რომელიც რეჟისორთან გაფორმდა, ჩაიწერა, რომ სცენარის ცვლილება არის დაუშვებელი“
, — თქვა წულუკიანმა.

„შეცდომაა, თითქოს დოკუმენტური ფილმი წინასწარ განსაზღვრული სცენარით უნდა დასრულდეს. თუკი ფილმი რეალურ ფაქტებს ასახავს, როგორ შეიძლება წინასწარ იყოს განსაზღვრული სცენარი? შეცდომაა! როდესაც ქალბატონი მინისტრი ამბობს, რომ დოკუმენტურ სცენარში ცვლილება დაუშვებელია და ეს მსოფლიო პრაქტიკაა, არა! დოკუმენტური ფილმის გადაღების დროს ყოველთვის გაქვს საშუალება, მოვლენებს აუწყო ფეხი”, — უპასუხა მინისტრს მარიამ ჭაჭიამ.

მინისტრ წულუკიანის მოსაზრებით, ფილმი „ჯადოსნური მთა“ იმის დასტურია, რომ რეფორმებამდე კინოცენტრი „ჩაწყობებითა და თვალის ჩაპაჭუნებებით“ მუშაობდა.
„ჯადოსნური მთის“ პროექტი, სამუშაო სახელწოდებით „აბასთუმანი“, 2016 წელს დააფინანსა კინოცენტრმა და მისი პირველადი, დაუსრულებელი ვერსია 2017 წელს ჩაბარდა.

„იქ არ იყო საუბარი არც ბიძინა ივანიშვილზე, არც ე.წ. ოლიგარქზე. 2018 წელს აცხადებს ბიძინა ივანიშვილი, რომ აბასთუმნის რეაბილიტაციაში დაეხმარება სახელმწიფოს და სახელმწიფო და „ქართუ“ ერთვებიან აბასთუმნის აღორძინებაში. ქალი რეჟისორის გადაღებული ფილმია [„ჯადოსნური მთა“], რომელიც ალბათ ფიქრობს, რომ ახლა დადგა მომენტი, გზადაგზა შეცვალოს [სცენარი] და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკით დაიმკვიდროს ადგილი. აბასთუმანი ხდება „ჯადოსნური მთა“ და რეალურად, ალბათ, მის ავტორს აქვს სურვილი, რომ რაღაცა ტიპის თანამედროვე ცაუბერბერგი შექმნას, მაგრამ ცაუბერბეგის ნაცვლად ვიღებთ ერთ მშვენიერ აფიორას“, — სიცილით თქვა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, აფერა იმაში მდგომარეობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღორძინებს აბასთუმანს, „ქალი რეჟისორი“ კი ამბობს ტყუილს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაანგრია და გაანადგურა ტუბერკულოზთან ბრძოლის მთელი სამედიცინო ინფრასტრუქტურა აბასთუმანში. წულუკიანის შეფასებით, ეს არის ტყუილი, რომელმაც ქალი რეჟისორი, თავის პროდუქტიანად, გაყიდვადი უნდა გახადოს.

„კინოცენტრი თავს გრძნობს მოტყუებულად. ეს ფილმი დაფინანსებული იქნა 2016 წელს, როგორც დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „აბასთუმანი“, კონკრეტული სცენარის საფუძველზე და ხელშეკრულებაში, რომელიც რეჟისორთან გაფორმდა, ჩაიწერა, რომ სცენარის ცვლილება არის დაუშვებელი.
ეს არ არის ცენზურა, ეს არის სახელშეკრულებო ურთიერთობა. ვსაუბრობთ სახელშეკრულებო ურთიერთობების დაცვაზე და ვიღებთ ძალიან საცოდავ შედეგს, როდესაც ქალი რეჟისორი ცდილობს საკუთარი თავი გაყიდოს იაფფასიანი მეთოდებით. ამით არც კინოცენტრს დააკლდება არაფერი, თუ ამაზე თვალს დახუჭავს და გადავა ჯანსაღ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე და გააუმჯობესებს ბერკეტებზე და მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს არაფერი დააკლდება, მაგრამ ქართული კინო ზიანდება“,
— თქვა წულუკიანმა.
| Print |