კულტურა
კომპოზიტორი და ახალციხის საპატიო მოქალაქე ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა
87 წლის ასაკში ცნობილი ქართველი კომპოზიტორი და ახალციხის საპატიო მოქალაქე ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა. კომპოზიტორს სტატუსი 2013 წლის ახალციხელობის დღესასწაულზე მიენიჭა. 

ვაჟა აზარაშვილი ახალციხის სამუსიკო სკოლას ბოლოს, 2016 წელს, მისივე 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვია. მოწვეული სტუმრის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა კომპოზიტორის ნაწარმოებებზე შექმნილი კომპოზიციები შეასრულეს. ღონისძიების დასასრულს მაყურებლისთვის თავად კომპოზიტორმაც იმღერა.

აზარაშვილს 1979 მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის სტატუსი, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (1998) და თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).

მისი შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, მიუზიკლი და საესტრადო. ვაჟა აზარაშვილის დაწერილია "დინამო, დინამო", "სიმღერა თბილისზე", "სიმღერა მეტეხზე", "დღეები მიდიან", "პატარა გოგო", "მზე ჩემი მეგობარია", "ისევ წვიმს", "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება", და სხვ.
| Print |