კულტურა
ქეთი კიკნაძეს კოლეგები იხსენებენ

85 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მსახიობი ქეთევან კიკნაძე. ქეთევან კიკნაძემ 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1959 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“), თინა („ტარიელ გოლუა“), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“), მარგო („პრემიერა“), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“) და სხვ. მონაწილეობდა 100-მეტ სპექტაკლში.
მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2005 – ბორჯომის საპატიო მოქალაქე; 1999 – ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის; 1991 – ჯეიმს თაუნის (აშშ) საპატიო მოქალაქე; 1987 – საქართველოს სახალხო არტისტი; 1987 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია; საქართველოს დამსახურებული არტისტი.

"მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი მსახიობის, ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო. ქალბატონი ქეთევანის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები მაყურებელთა თაობებმა შეიყვარა და გაითავისა. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიაში. თანავუგრძნობ ქეთევან კიკნაძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს," -წერს ირაკლი კობახიძე.

გარდაცვლილ მსახიობს კოლეგები და მეგობრები იხსენებენ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ლიკა ქობულაძე მეცხრე არხთან ამბობს, რომ ქეთევან კიკნაძეს მისი ნათელი სულისა და სხეულის გამო ფითქინას ეძახდნენ.

| Print |