კულტურა
მესხეთში მართლმადიდებლური და მუსლიმური სალოცავები ინგრევა
წრიოხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, ადგილობრივები ხშირად სტუმრობენ. ავარიულ ტაძარში ლოცვა უსაფრთხო არ არის. ნაგებობა დღითი დღე იშლება. ისტორიული ძეგლის კამარა და სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი ჩამოქცეულია. შემავსებელი დუღაბი ძირითადად ჩამორეცხილია, ჩრდილო–აღმოსავლეთის კუთხე კი გადანგრეული.

მძიმე მდგომარეობაშია საკურთხევლის ბურჯები. დანგრეულ კედლებზე მცენარეებია ამოსული. ჩამოქცეულ სალოცავს ადგილობრივები შეძლებისდაგვარად უვლიან.

ახალციხეში მხოლოდ ტაძრები არ ინგრევა. მუნიციპალიტეტში რვა მეჩეთი მდებარეობს, რომლებსაც 2012 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სპეციალისტების დახმარება თითქმის ყველა მათგანს სჭირდება.

XX საუკუნის დასაწყისში ზიკილიაში აშენებულ მეჩეთს, ადგილობრივი გიორგი მიქაძე პატრონობს, რომელიც ჯამეში თივას ინახავს. ნაგებობა ავარიულია. სახურავიდან ჩამოცვენილი თუნუქის ფურცლები, მოსახლეობას სალოცავში შეაქვს, სადაც წყალი ჩადის.

ზიკილიელები შენობის გამაგრებას ითხოვენ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ამორტიზებული მეჩეთი შესაძლოა, ჩამოინგრეს.

| Print |