კულტურა
“ღამე მუზეუმში”– კულტურის სამინისტროს აქცია საქართველოში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 27 მაისს, აქცია - "ღამე მუზეუმში" მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები თბილისისა და რეგიონების მასშტაბით.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია - ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.

აქციას "ღამე მუზეუმში" - საფუძველი 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა და მას შემდეგ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში რეგულარულად ტარდება. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. აქციის "ღამე მუზეუმში" ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.

27 მაისს, ღონისძიებები დაგეგმილია სამცხე–ჯავახეთშიც:

  • ახალციხის ციხეზე განთავსებული მუზეუმი ექსკურსიებს ყოველ საათში ერთხელ, 21:00 საათიდან 01:00 საათამდე უმასპინძლებს.
  • პარალელურად მოეწყობა ახალციხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა – "ჩემი თვალით დანახული მუზეუმი";
  • 21: 00–დან 22:30 საათამდე დაგეგმილია ხატვა თავისუფალ თემაზე – ახალციხის სამხატვრო სკოლისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებისათვის;
  • 22:00–დან 23:30 საათამდე მოეწყობა მოსწავლეთა შემოქმედებითი საღამო;
  • 21:30–დან 23:00 საათამდე ანსამბლ "მესხეთის" შემოქმედებითი გუნდი იმღერებს.

აქციაში ჩართულია ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც:
  • 20:00–დან 00:00 საათამდე მოეწყობა ექსკურსია ყოველ საათში ერთხელ; შემეცნებითი პროგრამის "მუზეუმის კლასი" "ემეგობრე მუზეუმს" მონაწილე ბავშვები ადგილზე შექმნიან აქსესუარებს ფოტოსესიისათვის, მოეწყობა მათი იმპროვიზებული გამოფენა;
  • დაგეგმილია ფოტოსესია "ემეგობრე მუზეუმს";
  • გაიმართება საიმპერატორო კოლექციის ვიდეო პროექციით ჩვენება;
  • მოეწყობა სალონური საღამო – მუზეუმის კოლექციიდან: "საიმპერატორო ოჯახის კოლექცია";
  • საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ საბავშვო ანსამბლები.
| Print |