კულტურა
ტურისტული ინფრასტრუქტურა ფოკის დედათა მონასტერთან
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს დედათა მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე 80 ათას ლარიანი ტენდერი 23 ივნისს გამოცხადდა.

წმინდა ნინოს სახელობის მე-11 საუკუნის დარბაზული ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეულ ძეგლს წარმოადგენს, რომელიც უამრავ მნახველს იზიდავს. ძეგლის მიმდებარედ არ არსებობს ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც დამთვალიერებელს უამრავ სირთულეს უქმნის.

  • სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მონასტრის დღევანდელი შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი, სადაც განთავსდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები, ვიზიტორთა მისაღები სივრცე, სუვენირების მაღაზია, მცირე კაფე და საინფორმაციო კუთხე.
  • მოეწყობა სადეგუსტაციო ოთახი და საეკლესიო მაღაზია.
  • მონასტრის აღმოსავლეთით დაგეგმილია ავტოპარკინგის მშენებლობა.
  • კეთილმოეწყობა ვიზიტორთა ცენტრის ახალი შენობისა და წმინდა ნინოს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები. გაკეთდება გამწვანება და საფეხმავლო ბილიკები.
  • მონასტრის მაღაზიის მიმდებარედ მოეწყობა ერთსართულიანი მცირე ზომის სათავსო სამონასტრო სამეწარმეო საქმიანობისათვის.
  • მოხდება ტაძრის მიმდებარედ არსებული ძველი გვირგვინიანი შენობის რესტავრაცია;
  • კეთილმოეწყობა ცენტრალური გზიდან, ავტოპარკინგამდე და ვიზიტორთა ცენტრამდე მისასვლელი გზა.

წმინდა ნინოს დედათა მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

სოფელი ფოკა სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის ნაპირას, ზღვის დონიდან 2080 მეტრზე მდებარეობს. წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან არსებობს სამრევლო სკოლა და სამედიცინო კაბინეტი. მონასტერში გახსნილია ტიხრული მინანქრის სახელოსნო, სადაც ხატები და ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთები მზადდება.

1989 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ყოველ პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე ფოკაში მასშტაბურად აღინიშნება.

| Print |