მედია
რუსლან მიხალსკი: ,,მედიამ დაკარგა თავისი ექსკლუზიური პოზიცია – იყოს შუამავალი აუდიტორიასა და წყაროს შორის"
კიევში გამართული საერთაშორისო მედიაფორუმი საქართველოში, უკრაინაში, მოლდავეთსა და

ბელორუსიაში მეოთხე ხელისუფლების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას მიეძღვნა. მონაწილეთა შეფასებების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ოთხივე ქვეყანაში თანამედროვე მედიის მთავარი პრობლემა საკუთარი აუდიტორიის შესწავლა, მისი მართვა და მონეტიზაციაა.

ის ფაქტი, რომ მედიაში არის ადგილობრივი და გლობალური პრობლემები, რომელიც ძირითადად შემცირებულ შემოსავლებსა და მედიის პოლიტიზირებას უკავშირდება კარგად ესმის მოლდავეთის რეგიონული გაზეთის ,,ესპეს“ მთავარ რედაქტორს. რუსლან მიხალევსკი მიიჩნევს, რომ სოციალურმა ქსელებმა მედიას ექსკლუზივი დააკარგინა, რის გამოც ამ სივრცეში მთავარი ახლა, მედიის როლის მოძებნაა.

,,საიმედო და სარწმუნო მედიაწყარო, რომელიც ამავე დროს იქნება ოპერატიული და გამოიყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს არის მნიშვნელოვანი, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია სარეკლამო ბაზარზე, ფინანსებზე. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ერთის მხრივ, განვითარება არ შეწყდეს და მეორეს მხრივ, არ დავკარგოთ ჩვენი ნიშა და ვიყოთ თანამედროვე მედიასაშუალებები – ამის ერთიანი რეცეპტი ალბათ არ არსებობს.

გლობალურ დონეზე მედია აღარ გვევლინება კონტენტის ექსკლუზიურ გამავრცელებლად. ახლა მილიარდამდე ადამიანს შეუძლია შექმნას კონტენტი და თავადვე დააფიქსიროს ფაქტიც და პოზიციაც. მედიამ დაკარგა ექსკლუზიური პოზიცია – იყოს შუამავალი აუდიტორიასა და წყაროს შორის. ეს არის მთავარი, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, რომ ვიპოვოთ მედიის როლი ამ სისტემაში“
– განმარტავს რუსლან მიხალევსკი.

შეხვედრის ერთერთი მხარდამჭერი დოიჩე ველე აკადემია იყო, რომლის მოწვევით ფორუმზე ედისონრისერჩის მკვლევარებიც მონაწილეობდნენ. ორგანიზაცია ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის კვლევებს ატარებს.

კვლევის შედეგების მიხედვით, მსოფლიოში, თანამედროვე მედიის მთავარი გამოწვევა შემცირებული სტანდარტული რეკლამაა, რის გამოც მედია შემოსავლების მოძიებას ახლა უკვე გაყიდვადი კონტენტით ცდილობს. კომერციული შემოსავლების ნაკლებობაზე ჩივის ზურაბ ალასანია, რომელიც უკრაინაში საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელმძღვანელობს.

,,პრობლემა მედიაში ძალიან სერიოზულია, რადგან სარეკლამო ბაზარი ძალიან მცირეა. ამით შეიძლება საქართველოსთანაც პარალელის გავლება. თუ შევადარებთ პოლონეთს, იქ სარეკლამო ბაზარი დაახლოებით 2 მილიარდამდე ევროთი განისაზღვრება. რაც შეეხება უკრაინას, მედიის კომერციულმა შემოსავლებმა, გასულ წელს 167 მილიონი შეადგინა, საიდანაც 144 მილიონი ეროვნულ არხებში დაიხარჯა. რა თქმა უნდა ეს ,,ტორტი“ ძალიან პატარაა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა საზოგადოებრივ მაუწყებელში, თუმცა იმედია გადავრჩებით ‘’– იმედოვნებს ზურაბ ალასანია.

უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელში ამჟამად რეფორმა ხორციელდება, რომელიც ქსელურ მაუწყებლობას გულისხმობს. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ტელევიზიის სტატუსს ატარებდა, რის გამოც ბიუჯეტიდან უხვად ფინანსდებოდა.

ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული 31 კომპანია ხელისუფლების პროპაგანდას ეწეოდა, რაც დღეს კანონით აკრძალულია – აცხადებს ზურაბ ალასანია. საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა უკრაინაში 200–ზე მეტი კერძო მაუწყებელია, სადაც შემცირებული სარეკლამო ბაზრისა და მედიის პოლიტიზირებასთან ერთად პროფესიონალი ჟურნალისტების სიმცირეზეც ჩივიან.

საკადრო შიმშილს, როგორც მას აისქულის ხელმძღვანელი უწოდებს, მედიის არასტაბილურობა იწვევს. ოქსანა პანასივსკოვა შექმნილი მდგომარეობიდან ერთერთ გამოსავალს კონვერგენტული ჟურნალისტიკის განვითარებაში ხედავს.

,,უკრაინაში ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს კადრების გადინებასთან დაკავშირებით, ძალიან ძნელია ორგანიზება გაუწიო გუნდს, რომელიც დიდხანს და საჭირო თემებზე მუშაობს. მიდის დეცენტრალიზაციის პროცესი, როცა რეგიონებიდან კიევში სამუშაოდ გადადიან ჟურნალისტები, რედაქტორები. ეძებენ სხვა სამუშაო ადგილებს, არ აკმაყოფილებთ ანაზღაურება, სამუშაო პირობები, საქმიანობის დონე და ა.შ.

ჩვენ პრეზენტაციებიდან გავიგეთ, რამდენად აუცილებელია გუნდში ატმოსფეროს გაუმჯობესება, მატერიალური და არამატერიალური მოტივაციის შენარჩუნება. თემები ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა, დაწყებული ციფრული მიმართულებიდან დამთავრებული კონვერგენტულ ჟურნალისტიკამდე“
– აცხადებს უკრაინის რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი და აისქულის დამფუძნებელი ოქსანა პანასივსკოვა.

სტრატეგიული მენეჯმენტი, კორპორატიული ფინანსები, გუნდის მართვა, მარკეტინგული განვითარება და საკუთარი კომპანიისა და პროდუქციის დაწინაურება – ეს არის ის საკვანძო საკითხები, რაზეც 4 ქვეყნის მედიამენეჯერები სამი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ.

მედიაექსპერტების დასკვნით, ტრადიციული მედია არ კვდება, ის მხოლოდ გავრცელების პლატფორმას იცვლის – ამისთვის კი მაქსიმალურად უნდა მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.


| Print |