მედია
160 მილიონი პიარსა და რეკლამაში დაიხარჯა
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა საზოგადოებასთან ურთიერთობის

აქტივობებსა და რეკლამაში 98 მილიონ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

ყველაზე მეტი 2016 წელს დაიხარჯა, როდესაც მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

კვლევის თანახმად, 2013-2017 წლებში ყველაზე მაღალდანახარჯიან უწყებებს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები წარმოადგენენ: “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ღვინის ეროვნული სააგენტო” და “აწარმოე საქართველოში”.

კვლევაში ასე ცალკეა აღნიშნული, რომ: “მთავრობის ადმინისტრაციამ 2010-2017 წლებში რეკლამის განთავსება დაუკვეთა ისეთ მედია საშუალებებს, როგორიცაა “ასავალ დასავალი” და “ალია”, რომლებიც სიძულვილის ენით გამოირჩევიან და ღიად ავრცელებენ ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განცხადებებს და ანტიდასავლურ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული“.

მთავრობის ადმინისტრაციამ არასამთავრობო ორგანიზაციას არ მიაწოდა დეტალები, თუ რომელ წლებში თანამშრომლობდა კონკრეტულ მედიასაშუალებებთან და რა ღირებულების კონტრაქტების ჰქონდა მათთან დადებული, შესაბამისად უცნობი დარჩა, მათ შორის, რა თანხა გადაურიცხა მთავრობამ “ასავალ-დასავალს”, “ალიასა” და For.ge-ს.

ჯამში, პიარ სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში, რეკლამასა და სხვადასხვა პიარ აქტივობებში “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 159 მილიონ 730 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2013-2017 წლებში მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულების ანაზღაურებამ 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ამ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 122 საჯარო უწყების მიერ პიარ სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის, (61,250,000 ლარის), დაახლოებით, მეხუთედია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 134 საჯარო უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია 2012 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით პიარ მომსახურებისა და რეკლამის წარმოების, განთავსების, გავრცელების ხარჯის შესახებ. სამწუხაროდ, 9 უწყებამ ინფორმაცია არ მოგვაწოდა, მათ შორის: მთავრობის ადმინისტრაციამ, თავდაცვის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და იუსტიციის სამინისტროებმა. თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციის, თავდაცვის, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროების სარეკლამო ხარჯების შესახებ ინფორმაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სხვა კვლევის ფარგლებში აქვს მიღებული, რაც ჩათვლილია საერთო მონაცემებში. აღსანიშნავია, ამ უწყებების მიერ პიარ აქტივობებში დახარჯული თანხა ჩვენთვის კვლავ უცნობია, რაც საჯარო უწყებების ხარჯებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდიდა.

2012 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით საჯარო უწყებების მიერ პიარ მომსახურებასა და რეკლამაში გადახდილმა თანხამ 110 მილიონ 650 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 98 მილიონ ლარზე მეტი 2013-2017 წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიხარჯა.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის მონაცემები ოქტომბრის ჩათვლით გამოვითხოვეთ, 2012 წელს ამ მიმართულებით დახარჯულ თანხას დაახლოებით 2-ჯერ აღემატება" – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

| Print |