მედია
მედიის წინასაარჩევნო ვალდებულებები
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, მაუწყებლებს ევალებათ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში და არჩევნების გაშუქების დროს მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი დაიცვან.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მაუწყებელი, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით.

8 სექტემბრიდან ამოქმედდება ნორმები, რომელიც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ითვალისწინებს.

საარჩევნო კოდექსის, 50-ე მუხლის თანახმად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული საეთერო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალებულნი არიან დაიცვან შემდეგი პირობები:

მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში, საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით გამოიყო საეთერო დრო. ერთ დღეში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობის გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი და გაწეული მომსახურება.

ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ ერთ დღეში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი.

კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლის ეთერში პოლიტიკური რეკლამების განთავსების წესი განმარტა.

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 29 აგვისტოდან იწყება.
| Print |