მედია
ლევან ალექსიშვილი: ,,რეგულაციები ტელეპროდუქციისა და სარეკლამო ბაზრის მიმართულებით კლავს ლოკალურ მაუწყებელს"
რეგიონალური მედიის წარმომადგენლები სისტემურ პრობლემაზე ლაპარაკობენ და აცხადებენ,

რომ იმ ფონზე, როცა ოკუპანტი ქვეყანა ყველა საშუალებით ცდილობს ქართულ აუდიტორიაზე გავლენის მოპოვებას, როცა ოფიციალურად ქვეყანა წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იმყოფება და რეგიონული მედიის შემოსავლები სულ უფრო მცირდება, დამატებითი რეგულაციების ამოქმედება არ უნდა ხდებოდეს. შემცირებული სარეკლამო შემოსავლები და, შესაბამისად, ტელეკომპანიებში შექმნილი ფინანსური პრობლემები ბორჯომის ტელევიზიის ხელმძღვანელს, ტრისტან ცუცქირიძეს არასაიმედო პროგნოზის გაკეთებისკენ უბიძგებს.

,,მედია რეგიონებში რეალური საშიშროების წინაშე დგას. ეს არის ხარისხიანი კონტენტის სიმცირე, შემოსავლების კლება, რაც საბოლოოდ აისახება იმაზე, რომ მედიის მდგომარეობა უარესდება როგორც კონტენტის წარმოების, ასევე გაყიდვებისა და კვალიფიციური კადრების გადინების მხრივ. ამ ყველაფერმა თავი მოიყარა ერთად და დაგროვდა რეგიონულ მედიაში, რასაც ხელი განხორციელებულმა ცვლილებებმა შეუწყო. შესაბამისად, ყველა რეგიონულ ტელევიზიაში მოხდა შემოსავლების კლება, რაც საბოლოო ჯამში აისახება რა თქმა უნდა ხარისხზე“ – განმარტავს ტრისტან ცუცქირიძე.

რეგიონული ტელევიზიები გამკაცრებულ რეგულაციებსა და შემცირებულ შემოსავლებზე ჩივიან. მენეჯერები ამბობენ, რომ ვითარების ასე გაგრძელების შემთხვევაში ლოკალურ მაუწყებლებს ფუნქციონირება გაუჭირდებათ. ,,რეგიონმედია მარკეტის“ დამფუძნებელი ლევან ალექსიშვილი ფიქრობს, რომ პროცესი მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

,,პირველი, რაც მათ კლავთ, არის რეგულაციები. პირველი რეგულაცია – ტელეპროდუქციის შეძენის მიმართულებით და მეორე რეგულაცია სარეკლამო ბაზრის მიმართულებით. ეს ორი რეგულაცია არის ის,  რაც მარხავს და ფაქტობრივად უსპობს რეგიონულ მედიას განვითარების შანსს“ – აცხადებს ,,რეგიონმედია მარკეტის“ დამფუძნებელი ლევან ალექსიშვილი.

რეგიონული ტელევიზიები პარლამენტს სამაუწყებლო რეგულაციების გადახედვისკენ მოუწოდებენ. საკითხი იმ ცვლილებებს ეხება, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაახლოებით ერთი წლის წინ შევიდა. ცვლილება კანონის ათზე მეტ მუხლს შეეხო. სამოქალაქო სექტორის, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდიოდა დემოკრატიული და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპებთან. მედიის პროტესტი განსაკუთრებით კომერციული და სოციალური რეკლამის განთავსების შესახებ მუხლში შესულმა ცვლილებამ გამოიწვია. ცვლილების მიხედვით საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსებისა და სპონსორობის უფლება მიეცა. ლევან ალექსიშვილი ამბობს, რომ შემცირებული შემოსავლების ფონზე გამკაცრებული რეგულაციები რეგიონულ მედიას დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს.

,,პირველი, მონაცემები მნიშვნელოვნად არასტაბილური და შემცირებულია. რა თქმა უნდა ამას განაპირობებს ერთი ის გარემოება, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები მიაყენა რეგიონულ ბაზარს, უფრო დივერსიფიცირებული გახდა ბაზარი და მეტი მოთამაშე შემოვიდა, ასევე, თუ რაიმე რყევა აისახება სატელევიზიო ბაზარზე, პირველ რიგში აისახება რეგიონულ ბაზარზე. აგერ დღეს უკვე ავტორთა საზოგადოების მიერ მინიჭებული მუსიკის გაშვებაც კი აღარ შეუძლიათ ამ არხებს. მიმართულებაა იქითკენ, რომ ეს არხები და ამას აწერენ ევროდირექტივას, ამის პარალელურად შემოდის ცვლილება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებებელს, რომელსაც ჰქონდა ბიუჯეტი, კიდევ მიეცეს მას რეკლამის განთავსების საშუალება. პოლიტიკა იქითკენ არის მიმართული, რომ ნელნელა ამ არხებს შეექმნათ უფრო მეტი და მეტი პრობლემა“.

კერძო მაუწყებლებმა პარლამენტსაც მიმართეს, რათა „მაუწყებლობის შესახებ კანონში” ის ცვლილებები არ შესულიყო, რომელიც „საზოგადოებრივ მაუწყებელში” სპონსორობისა და რეკლამის დაკანონებას ეხებოდა. საზოგადოებრივ მაუწყებელში კი ამბობდნენ, რომ ცვლილებები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ხარისხიანი მედიაპროდუქციის შესაქმნელად.

| Print |