მედია
ლევან ყიფიანი: "იბერია" "რუსთავი 2"-ზე უარესიაო
ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები კომპანიის გარშემო განვითარებული მოვლენების მთავრობის კანცელარიასთან გაპროტესტებას გეგმავენ.


ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა გააკეთა.

ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა „იბერიას“ შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს. 11:00 საათიდან დაახლოებით სამი საათის განმავლობაში არხის მაუწყებლობა გათიშული იქნება.

„ტელეკომპანია „იბერიას“ უკვე მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში უწევს მუშაობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს, ვინც აქ განვითარებულ პროცესებს ობიექტურად აშუქებს. ჟურნალისტები ვაწყობთ საპროტესტო მსვლელობას ტელეკომპანია „იბერიადან“ მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით. ამიტომ დაახლოებით 3 საათის განმავლობაში დილის 11:00 საათიდან ჩვენი მაუწყებლობა გათიშული იქნება. ჩვენ ერთად გავაპროტესტებთ იმას, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. ხელისუფლების მიზანი ტელეკომპანიის დახურვაა“, - განაცხადა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა.

ტელეკომპანია "იბერია" ხელისუფლებას კომპანიისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებს.  ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით "იბერიას" მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უპასუხა.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ "ომეგა ჯგუფში" შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს "ოჯთ-ის" საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა.

ტელეკომპანია ,,იბერია"–მ, 9 სექტემბერს, სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის და ზაზა ოქუაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა.

| Print |