მედია
43% ფიქრობს, რომ მთავრობა მედიაში ხანდახან, ხოლო 31% ფიქრობს, რომ ყოველთვის ერევა – TI
,,საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილი მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ემხრობა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ წარმოდეგენილ ე.წ. „ვალების განულების” ინიციატივას მოსახლეობის უმრავლესობა დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ეს პროგრამა უპირველეს ყოვლისა მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის ხმების მოპოვების მცდელობა იყო. რესპოდენტთა უდიდესი უმრავლესობა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის საჭიროებას ხედავს. ~

დაგროვებით საპენსიო რეფორმას გამოკითხულთა უფრო დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს, ვიდრე დადებითად და ამბობს, რომ სქემაში ჩართვის შედეგად ხელზე ასაღები ხელფასი შეუმცირდა. გამოკითხულთა დიდ უმრავლესობას არ მოსწონს როგორც ბაკალავრიატში მისაღებად ზოგადი უნარების გამოცდის სავალდებულოობის, ისე სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა ასევე, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფორმირებულია, რომ „ფეისბუქზე” სპეციალური გვერდებია შექმნილი, რომლებიც ყალბ ამბებს ავრცელებენ და რომელთა უკან სავარაუდოდ ხელისუფლება და ოპოზიცია დგას. გამოკითხულების აზრით ქართული სატელევიზიო სივრცე პოლარიზებულია ატარებს რა წამყვანი მაუწყებლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მმართველი თუ ოპოზიციური პარტიების ინტერესებს. მაღალია ასევე იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ხშირად ან პერიოდულად ერევა მედიის საქმიანობაში".

ეს და სხვა განწყობები გამოკვეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა 2087 ადამიანის გამოკითხვამ, რომლის ცდომილების ზღვარი +- 2.3% პუნქტის ფარგლებშია.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 80 % ფიქრობს, რომ პოლიტიკაში ახალი ძალა უნდა გამოჩნდეს,
45% კი ემხრობა, რომ 2020 წლიდან დეპუტატები პროპორციული სისტემით აირჩეს.
დაგროვებითი საპენსიო რეფორმას 35% უარყოფითად, ხოლო 17% დადებითად აფასებს.
სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმებას 73% უარყოფითად, ხოლო 22% დადებითად აფასებს.

45% მიიჩნევს, რომ საქართველოში, სკოლები, საშუალო ხარისხის განათლებას იძლევიან, რაც შეეხება საქართველოს მიერ აღებულ კურსს,

გამოკითხულთა აზრით 41% მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს კარგი დამოკიდებულება ჰქონდეს როგორც რუსეთთან, ასევე ევროპასთან.

27% ფიქრობს, რომ მთავრობა პროდასავლურია, ხოლო 16 % ფიქრობს, რომ პრორუსულია.

46% ფიქრობს, რომ სოციალურ მედიაში არსებული გვერდების უკან მთავრობა და ოპოზიცია დგას.

რაც შეეხება მედიაში ხელისუფლების ჩარევას, 43% მიიჩნევს, რომ ხანდახან ერევა, ხოლო 31% ფიქრობს, რომ ყოველთვის.
| Print |