მედია
,,რუსთავი 2"–ს საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერი“ დღეს ეთერში არ გასულა. 9-საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა გუშინ სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს. ტელევიზიიდან წავიდა წამყვანი პაატა იაკობაშვილიც.

ამ ფაქტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში გამოეხმაურა: „რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“, - დაწერა მან Facebook-ზე.

Imedinews-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს. შესაძლოა მან არხის საინფორმაციო მიმართულებას ძველებურად დირექტორის მოადგილის სტატუსითაც უხელმძღვანელოს.

მანამდე ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ესენი არიან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-ანი წილის მფლობელმა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს არხის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიამ ახალი არხი დააფუძნა.
| Print |