მედია
"მეცხრე არხი" გერმანიაში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობს
მეცხრე არხის ჟურნალისტი პროგრამა "ადამის" ფარგლებში გერმანიაში, ქალაქს დრეზდენში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. 

ADAMI DIALOGUE-ს როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ისე მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების ხელმძღვანელები და პროდიუსერები ესწრებიან. 

"ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთი პატარა მედიასაშუალებებისთვის, როგორიც "მეცხრე არხია", რადგან გვეძლევა საშუალება ერთი მხრივ, ჩვენი რეგიონის კულტურული მრავალფეროვნების შესახებ მოვუყვეთ ევროპის მედიასაშუალებებს, მეორე მხრივ კი, დავიწყოთ საქმიანი ურთიერთობები ისეთ ტელევიზიებთან, როგორიცაა BBC, DW, WDR, და აღმოსავლეთ ევროპის სხვა მედიასაშუალებები" – აცხადებს რუსუდან გვარამაძე.


აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოდან სამი ტელევიზია იღებს – "მეცხრე არხი", "გურია TV" და "საზოგადოებრივი მაუწყებელი". 

კონფერენციაში ევროპის 23 მედიაორგანიზაციაა ჩართული. 

შეხვედრები ორი დღე გაგრძელდება. კონფერენციის მთავარი მიზანი კულტურული მრავალფეროვნების გაშუქების საკითხებზე საუბარია.

პირველ დღეს საკუთარი მედიის პრეზენტაციები ჩატარდა, მეორე დღეს კი ტელევიზიის წარმომადგენლები წამყვან მედიასაშუალებებს პირისპირ შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის გზები დასახეს. 

| Print |