მედია
ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ იუბილარია
ახალციხის „მეცხრე არხი“ იუბილარია. ზუსტად 19 წლის წინ, ახალციხეში, ადგილობრივმა ტელევიზიამ მაუწყებლობა დაიწყო.

ამ ხნის მანძილზე, ტელეკომპანიასა და მის თანამშრომლებს, არაერთი რთული პერიოდის გავლა მოუწიათ, თუმცა „მეცხრე არხი მაუწყებლობას დღემდე უწყვეტად განაგრძობს. ბოლო გამოწვევა ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა  და ოფისის შეცვლა იყო.  ტელეკომპანიამ რთული ეტაპები ისევ დაძლია.  „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორის თქმით,  2016 წელი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე 2015. მაია იველაშვილი ფიქრობს, რომ წელს ტელეკომპანიამ  ერთი საფეხურით წინ წაიწია.

19 წლის წინ, რამდენიმე მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ახალციხეში, მედიაგარემო უფრო კონკურენტული გაეხადა. ახალგაზრდებს არ  ჰქონდათ ფული, თუმცა ჰქონდათ ენთუზიაზმი. შედეგად ერთი ვიდეოკამერით, ორი მიკროფონითა და  სამონტაჟო ვიდეომაგნიტოფონით ქალაქში ახალი ტელევიზია გაიხსნა.

19 წელი დიდი დროა იმისთვის, რომ შეაფასო, რამდენად მნიშვნელოვანი მედიასაშუალება დაიბადა წლების წინ – ასე აფასებს „მეცხრე არხს“ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. ნათია კუპრაშვილის თქმით, რთული პირობები არხმა ღირსეულად გადალახა.

ადგილობრივმა ტელევიზიამ რეგიონში მიმდინარე პროცესები, პრობლემები თუ წარმატება, ობიექტურად უნდა გააშუქოს – ეს არის ერთის მხრივ, მაყურებლის მოთხოვნა, მეორე მხრივ კი მედიასაშუალების მოვალეობა.  ამიტომ „მეცხრე არხში“ყველაფერი კეთდება, იმისთვის, რომ ეთერში მხოლოდ დაბალანსებული ინფორმაცია გავიდეს.

„მეცხრე არხმა“ მაუწყებლობა 1997 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. თითქმის ორი ათეული წელია, არხი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებს. წელს ტელეკომპანიამ მაყურებელს ადგილობრივი ქართულენოვანი ამბების გარდა, სომხურენოვანი საინფორმაციო გამოშვებაც შესთავზა, რომლის გამრავალფეროვნებასაც არხი მომავალი წლიდან გეგმავს.

ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.


| Print |