მედია
ტელეკომპანია „იმედზე“ კიბერშეტევა განმეორდა
ტელეკომპანია „იმედზე“ კიდევ ერთი კიბერშეტევა მოხდა. ჰაკერული თავდასხმა 2 ნოემბერს 21:30 საათზე დაფიქსირდა და 30 წუთს გაგრძელდა.

„იმედის“ IT სპეციალისტების ინფორმაციით, ტელეკომპანიის ქსელში შეაღწია კრიპტოვირუსმა რომელიც შიფრავს და აზიანებს ვიდეოფაილებს. ამ დროისათვის მიმდინარეობს სისტემის აღდგენა. მიყენებული ზარალის მოცულობა ჯერ დადგენილი არ არის.

ბოლო კვირის განმავლობაში ეს ტელეკომპანიაზე განხორციელებული მეორე კიბერშეტევაა.

28 ოქტომბერს კიბერშეტევის გამო ტელეკომპანიის მაუწყებლობა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო. მასშტაბური კიბერთავდასხმის გამო, პრობლემები შეექმნა ასევე ათასობით ვებგვერდს, გაითიშა პრეზიდენტის ოფიციალური და სამთავრობო ვებგვერდები. „იმედის“ IT სპეციალისტების თქმით, წინასწარი მონაცემებით, ეს იყო პარალიზებისკენ მიმართული ვირუსული თავდასხმა.
| Print |