მედია
"მეცხრე არხის" ჟურნალისტმა ტოლერანტობის თემაზე გამართულ მედიაკონკურსში გაიმარჯვა

 

მედია კონკურსში "ჩვენი მრავალფეროვნება, ჩვენი სიმდიდრეა" რუსუდან გვარამაძემ გაიმარჯვა. "მეცხრე არხის" ჟურნალისტის ნამუშევარი - "გოგონა მეცნიერების გზაზე", ჟიურიმ საუკეთესო სიუჟეტის კატეგორიაში დაასახელა. საუკეთესო სტატიისთვის დაჯილდოვდნენ ცაულინა მალაზონია და ლიანა მარქარიანი. სამივე გამარჯვებულს სიგელები დ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

დაჯილდოების ცერემონია თბილისში, "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა. მას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი და ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსეც ესწრებოდნენ.

ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსი ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან ერთად, „მე ვირჩევ თანასწორობას“ კამპანიის ფარგლებში.

კონკურსი მიზნად ისახავდა საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენას, ეთნიკური უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციიას, კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერების ხელშეწყობასა და ტოლერანტული გარემოს წახალისებას.

ღონისძიების მხარდამჭერია გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ევროსაბჭოს ოფისი საქართველოში.

 

| Print |