მედია
30 დეკემბერს, პირველი ქართული ტელევიზია გაიხსნა
პირველმა ქართულმა ტელევიზიამ, 1956 წლის 30 დეკემბერს, მთაწმინდის ანძის სატელევიზიო სტუდიიდან მაუწყებლობა დაიწყო.

ზუსტად 63 წლის წინ, ცისფერი ეთერი ზუსტად 20:00 საათზე აინთო და ეთერში პირველი დიქტორები – ალექსანდრა მაჭავარიანი და ლია მიქაძე გამოჩნდნენ.

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს პირველი არხს, მეორე არხსა და რადიოს აერთიანებს.

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ დღევანდელი დღე ტელევიზიის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს მიულოცა.

„ვულოცავ ტელევიზიის დაბადების დღეს და ახალ წელს ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველი არხის ღირსება, დღიდან მისი დაფუძნებისა, მოიტანა დღემდე და ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციებს ჩაუყარა საფუძველი.

წლების განმავლობაში, საქართველოს პირველი არხი იყო ერთადერთი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქომაგი ქართული კულტურის, მეცნიერების, განათლების, სპორტის და ა.შ. დღესაც ასე რჩება. მე ვფიქრობ, მთელი კოლექტივია განწყობილი საიმისოდ, რომ პირველი არხი, უახლოეს თვეებსა და წლებში დაიბრუნებს ყველა იმ პოზიციას, რომელიც მას ეკუთვნის და რომელიც საჭიროა ჰქონდეს.

ვულოცავ ყველა თანამშრომელს, ყველა მოქმედს, ვინც დღეს მუშაობს და თავისი თავდადებული შრომით ყოველდღიურად ქმნის იმ შინაარსს და სახეს ტელევიზიისას, რადიოსას, რასაც ჰქვია უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი და ინტელექტუალური მედია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

თავიდან ტელემაუწყებლობა კვირაში ექვსი დღე, საღამოს 7 საათსა და 30 წუთიდან ხორციელდებოდა. ტელევიზიის პირველი ნაბიჯები ძალიან რთული იყო, რადგან თავდაპირველად სტუდიას მხოლოდ ერთი უძრავი კამერა ჰქონდა. სატელევიზიო ეთერის ნახევარზე მეტი საბავშვო გადაცემებს ეთმობოდა. იდგმებოდა სხვადასხვა საბავშვო სპექტაკლები: „ქარელი გველი“, „სქელი და თხელი“, „კაკო ყაჩაღი“ და სხვ. იყო მხიარული ვიქტორინები, მუსიკალური სკოლის მოსწავლეების კონცერტები, „ბაბუა თევდორეს ზღაპრები“, „შეხვედრები პირველკლასელებთან და ა.შ.

1957 წლის შემოდგომაზე თბილისის ტელესტუდიამ მიიღო მოძრავი ტელესადგური, რამაც პირდაპირ ეთერში სპორტული და კულტურული ღონისძიებების გადაცემა გახადა შესაძლებელი.

ამავე წლის აგვისტოდან კეთდება პოლიტიკური გადაცემებისა და სატელევიზიო დადგმების გაკეთება.

1958 წლიდან იწყება საინფორმაციო გადაცემები. მოსახლეობაში განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა გადაცემა „უკანასკნელი ცნობები“.

1968 წლის 1-ელ აპრილს გაიხსნა საინფორმაციო გადაცემა „მოამბე“. ამ დროისთვის, მოსახლეობაში უკვე იზრდებოდა ტელევიზიის დიქტორების პოპულარობა. მათ ცნობდნენ ქუჩაში და გამოხატავდნენ აღფრთოვანებას. პოპულარულ სატელევიზიო სახეებად იქცნენ: დავით ძიგუა, ალექსანდრა მაჭავარიანი, ლია მიქაძე, ომარ ტივაძე, თენგიზ ნათაძე, დავით სოკოლოვი, ჟანეტა არჩვაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე, ნუგზარ ჯუღელი, ნათელა ბოლქვაძე, ირმა გურიელი, ირინა მათიაშვილი, მანანა მაჩაბელი, ქეთევან გვარამია და სხვ.

1968 წლიდან ჩამოყალიბდა ტელეფილმების სტუდია, ამავე წლიდან ქართული ტელევიზია ფერადი გახდა, ფერადი გადაცემები დაიწყო 7 ნოემბერს. მოგვიანებით გამოჩნდა გადაცემა „ილუზიონი“ - შაბათს 11 საათის შესრულებას ყველა სულმოუთქმელად ელოდა.

2014 წლის 22 დე­კემ­ბერს ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ვე­ლი თა­ო­ბის დიქ­ტო­რებს: ლია მი­ქა­ძეს, ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე­სა და ალექ­სან­დ­რა (შუ­რი­კო) მა­ჭა­ვა­რი­ანს მთაწ­მინ­და­ზე, ანუ იქ, სა­დაც პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სტუ­დია იყო, „ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი“ გა­უხ­ს­ნეს.

სამცხე-ჯავახეთში, პირველ არხს, 37 წელია რობიზონ მაქაძე წარმოადგენს.

ასევე, დაგაინტერესებთ:

რობიზონ მაქაძის ტელედღიური
| Print |