მედია
ახალციხეში საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართება
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სოლიდარობის აქცია დღეს, 16 თებერვალს ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა. "სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას", "დავიცვათ თავისუფალი მედია" - ამ მოწოდებით ჟურნალისტების აქცია გაიმართა.

მედიის წარმომადგენლები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

ხოლო ხვალ, 17 თებერვალს, პარლამენტის წინ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მართავს საპროტესტო აქციას სახელწოდებით “სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს”. 17 თებერვალს საპროტესტო აქცია გაიმართება ახალციხეშიც. 

,,მეგობრებო, ვისაც გაღელვებთ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები და გაქვთ სურვილი, რომ გამოხატოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ამ ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ, შემოგვიერთიდ ხვალ, 17 თებერვალს, 16:00 საათზე, ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ. ვფიქრობ, რომ ხალხის ტელევიზია ჩვენი, ხალხის დასაცავია და არ უნდა ვუყუროთ ამ მოვლენებს შორიდან მშვიდად" - წერს ჟურნალისტი თამუნა უჩიძე.

აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზი აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე, სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პოლიტიკურ ძალას - "ქართულ ოცნებას" და მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა, არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის ტელევიზიდან დათხოვნა.
| Print |