მედია
პოლიტმეტრის გუნდმა TV პირველი დატოვა
"TV პირველის" წამყვანებმა ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ ტელეკომპანია დატოვეს. მათ გარდა არხი დატოვა გადაცემა "პოლიტმეტრის" სრულმა შემადგენლობამ. ამის შესახებ დღეს, 12 ივნისს, გადაცემა „პოლიტმეტრის“ დასრულების შემდეგ, მისმა წამყვანებმა ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა განაცხადეს.

"შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის. ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადვილია. ეს სულ გვახსოვდა ამ წლების განმავლობაში, როცა სხვებთან ერთად აქ ვმუშაობდით მთელი ხუთი წელი [...] თანამშრომლობის რესურსი, როგორც ჩანს ამოწურულია. კერძო არხს აქვ უფლება, ბუნებრივია, ისე გააგრძელოს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ, ჩვენც ვიყენებთ უფლებას, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება"
, — განაცხადა ვახო სანაიამ.

"ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები. აქ საუბარია საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებზე", — აღნიშნა ნინო ჟიჟილაშვილმა.

TV პირველში ეს ცვლილებები დროში ემთხვევა არხში ნოდარ მელაძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ კიდევ რამდენიმე ჟურნალისტის გადასვლასა და ნოდარ მელაძის მთავარ პროდუსერად დანიშნვას. ნოდარ მელაძის პროდუსერად დანიშვნის შემდეგ გადავიდა არხზე „მთავარის“ ექვსი ჟურნალისტი.

მელაძე პროდუსერად 21 აპრილს დაინიშნა. მისი დანიშვნიდან მალევე, პირველ მაისს, ცნობილი გახდა, რომ "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი აღარ იქნებოდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მან მისი და ხელმძღვანელობის ხედვების განსხვავებულობა დაასახელა.

6 ივნისს ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ TV პირველის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა. ინგა გრიგოლია არხიდან არ წასულა, მან თქვა, რომ გააგრძელებს საავტორო გადაცემას "რეაქცია" და იქნება რამდენიმე გადაცემის პროდიუსერი.

ამის შემდეგ, არხის გენერალური დირექტორი მისი დამფუძნებელი ვატო წერეთელი გახდა.

ვატო წერეთელმა ვახო სანაიასა და ნინო ჟიჟილაშვილის ტელევიზიიდან წასვლაზე პოსტი გამოაქვეყნა.

,,ეკრანიდან არ გამიგია, რომ პოლიტმეტრი ტოვებდა "ტვ პირველს", თუმცა ეპილოგით მაინც გაოცებული ვარ. არ მწყენია. გამიკვირდა. არავის გაუშვია ნინო და ვახო არხიდან და არც არავინ ჩარეულა მათ თავისუფლებაში, უნდოდათ გადასვლა და გადავიდნენ სხვა ტელევიზიაში. წარმატებებს ვუსურვებ მათ ,,ფორმულაზე". მე კი ველოდები ახალ შემოტევებს "ტვ პირველის" წინააღმდეგ. ყოველთვის ვიამაყებ ჩემი ტელევიზიის თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით, დანარჩენს მაყურებელი თავად ნახავს" - წერს ვატო წერეთელი.
| Print |