მედია
სპეციალური მმართველი ტელევიზიებში - კომუნიკაციების კომისიის კანონპროექტი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლებამოსილება ექნება, სპეციალური მმართველი დანიშნოს, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორ კომპანიაში, ასევე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელში.

საქართველოს მთავრობის ინიცირებული კანონპროექტით, რომლის ავტორებიც არიან მთავრობის ადმინისტრაცია და კომუნიკაციების ეროვნული კომისია, განსაზღვრულია, რა შემთვევაში შეუძლია კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნა.

პროექტით კანონს შესაძლოა, დაემატოს ახალი, 46-ე პრიმა მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

ამავე კანონპროექტით, სპეციალური მმართველი ინიშნება კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა.

კანონპროექტში დაზუსტებულია კრიტერიუმები, რომლებსაც სპეციალური მმართველი უნდა აკმაყოფილებდეს: ის შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი შემდეგი სპეციალობით: ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესადმინისტრირება, იურიდიული ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მისთვის დაკისრებული უფლებამოსილებების შესასრულებლად.

სპეციალური მმართველის შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს კომისია, მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებით. როგორც მისი ანაზღაურება, ასევე დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯს დაიფარება ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის ბიუჯეტიდან.

კომისია საკუთარი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს სპეციალური მმართველის უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას, რომელთა ფარგლებშიც სპეციალურ მმართველს შეუძლია ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის სრული კონტროლი და მასზე შეიძლება გადავიდეს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის ყველა ორგანოს (მათ შორის, დირექტორი/დირექტორთა საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო, პარტნიორთა/აქციონერთა კრება) სრული უფლებამოსილება.

სპეციალური მმართველი უფლებამოსილია დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი (ასეთი არსებობის შემთხვევაში).

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ის მიზნად ისახავს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში არსებული ვაკუუმის შევსებას. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ კანონი არ ითვალისწინებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დარგის მარეგულირებელი დამოუკიდებელი ორგანოს - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტიან მექანიზმებს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება დაკავშირებულია ადრესატის უშუალო ქმედებასთან და მხოლოდ მას შეუძლია მისი აღსრულება და აღსრულების ყველა სხვა საშუალება არაეფექტიანია.
| Print |