მედია
მარეგულირებელი კომისია სახიფათო თამაშს თამაშობს - პოლიტიკოსები მაუწყებლის ახალ კანონპროექტზე
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლებამოსილება ექნება, სპეციალური მმართველი დანიშნოს, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორ კომპანიაში, ასევე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელში. პროექტით კანონს შესაძლოა, დაემატოს ახალი, 46-ე პრიმა მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამავე კანონპროექტით, სპეციალური მმართველი ინიშნება კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა. კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია პირველად ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა საკუთარი ფეისბუქ-გვერდით გაავრცელა.

SOS! ყველა პარტიას, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა მედიას: პარლამენტის ბიუროში დღეს დარეგისტრირდა პროექტი, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას ეძლევა უფლება დანიშნოს ორგანიზაციებში სპეციალური მმართველი მისი გადაწყვეტილებების აღსრულების სპეციალური ღონისძიებების ფარგლებში. მოკლედ, ან ყველამ გაიაზრეთ რასთან გვაქვს საქმე და მივიღოთ ადეკვატური ზომები, ან სულ კარგად იყავით. მე ამ საგიჟეთის ატანა აღარ შემიძლია“.
თუკი მაუწყებლების ერთი ნაწილი რადიკალური ზომების მომხრეა, მეორე ნაწილი ხელისუფლებას დიალოგისკენ და საკითხის ექპერტებთან ერთად განხილვისკენ მოუწოდებს. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსში განმარტავენ, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, პარლამენტმა და მთავრობამ გადაწყვეტილება მედიის ჩართულობით უნდა მიიღოს.

კანონპროექტს საშინელებას და სახიფათოს უწოდებენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ,,საქართველოს ერთადერთი მონაპოვარი თავისუფლება და დამოუკიდებელი მედიაა და არ შეიძლება ამის დაკარგვა. მარეგულირებელი კომისია სახიფათო თამაშს თამაშობს“ - აცხადებს ლელოს სამცხე-ჯავახეთის ოფისის ხელმძღვანელი. ჯუმბერ ინასარიძე ხელისუფლებას გონიერებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში მმართველი პარტია არჩევნებამდეც ვერ მიაღწევს.

სპეციალური მმართველის შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს კომისია, მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებით. როგორც მისი ანაზღაურება, ასევე დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი დაიფარება ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის ბიუჯეტიდან. სპეციალური მმართველი უფლებამოსილია დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს მაუწყებლის დირექტორ(ებ)ი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი (ასეთი არსებობის შემთხვევაში). ევროპული საქართველოს ახალციხის ოფისში აცხადებენ, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი კანონის მიღება წარმოუდგენელია.

საქართველოს მთავრობის ინიცირებული კანონპროექტის ავტორები არიან მთავრობის ადმინისტრაცია და კომუნიკაციების ეროვნული კომისია.



| Print |