მედია
„პანკისის რადიოს“ სტუდიის დარბევით ემუქრებიან“ - კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ შსს-ს მიმართავს
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „პანკისის რადიოს“ დარბევის მუქარაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვენ.

კოალიციის ინფორმაციით, 1-ლ სექტემბერს გავრცელდა ვიდეო-მასალა, რომელშიც დაფიქსირებულია თუ როგორ ემუქრებიან სათემო რადიოს სტუდიის დარბევით და მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისაგან როგორ მოითხოვენ, პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე უარი თქვას.

„მიგვაჩნია, რომ გავრცელებულ მასალაში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულების, მათ შორის, კოდექსის 154ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მიუღებლად მივიჩნევთ მედიის შევიწროვების ყველა გამოვლინებას და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად აღკვეთონ „პანკისის რადიოს“ გუნდის მიმართ არსებული ყველა რისკი“
- ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.



| Print |