,,დამპლებო“, ,,უნამუსოებო“, ,,წაეთრიეთ აქედან“, ,,პროვოკაციას აგდებთ“– ამ სიტყვებით ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა ალექსანდრე ჭაღიაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა. მისი გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ტელეკომპანია ,,მე–9 არხისა“ და გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეს“ კორესპონდენტები ახალციხელის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს აშუქებდნენ. საჯარო მოხელე ხელით შეეხო ჟურნალისტებს და მათგან ადგილის დატოვება მოითხოვა. მისი თქმით, მედიის წარმომადგენლებს არ ქონდათ უფლება კითხვები თავად დაზარალებული მოხუცისათვის დაესვათ. ,,თქვენ გაქვთ სინდისი რომ ეკითხებით ცეცხლი საიდან გაჩნდაო? რა იცის საიდან გაჩნდა“ – ყვიროდა ალექსანდრე ჭაღიაშვილი.
,,მე–9არხის“ ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება დაზარალებული მიშა მამუკაშვილის სიძეა.
ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ იგი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში ხელს უშლიდა, ჭაღიაშვილმა ასე უპასუხა: ,,თქვენ მერე დაგელაპარაკებით!“.
ხანძარი ახალციხეში, 9 ოქტომბერს 20:00 საათზე გაჩნდა. ახალციხელის ქუჩის #15–ში საცხოვრებელი სახლის სათავსო დაიწვა.