მედია
პანკისის სათემო რადიოს ოფისის გაყიდვა არჩევნებამდე გადაიდო
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ დღეს, 7 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე სოფელ დუისის ყოფილი ადმინისტრაციული შენობის გაყიდვის საკითხი უკან გაიწვია. ამ შენობაში იჯარითაა განთავსებული პანკისის სათემო რადიოც. მერიის წარმომადგენელმა თინათინ კუდიანაშვილმა საკითხის უკან გაწვევის მიზეზი არ განუმარტავს. საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში ეს ერთადერთი განსახილველი საკითხი იყო. არცერთ დეპუტატს არ დაუსვამს კითხვა, რატომ ითხოვდა მერია დაჩქარებულ რეჟიმში შენობის გაყიდვას ან უკან რატომ გაიწვიეს საკითხი, რომლის განსახილველადაც საკრებულოს 24 წევრი საგანგებოდ შეკრიბეს.

„რომ არ გაეწვიათ, ჩვენ ვიმსჯელებდით. აქ ზუსტად იმიტომ ვართ, რომ უნდა გვემსჯელა და საღი გადაწყვეტილება მიგვეღო. ჩემი ინფორმაციით, რადიოს წინააღმდეგი არავინ არის. აგერ არიან პანკისის ხეობის დეპუტატები და არავინ არის მათი საქმიანობის წინააღმდეგი“, - უთხრა ჟურნალისტებს ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილმა.

პანკისის სათემო რადიოს ერთ-ერთი დამფუძნებლის გელა მთივლიშვილის თქმით, პანკისის ხეობიდან სათემო რადიოს გაძევებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია დაინტერესებული.

„ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, ხეობაში ჰესები რომ ვეღარ შენდება, ამას სათემო რადიომ შეუწყო ხელი და ინვესტორი რომ გაიქცა პოლიციასა და მოსახლეობას შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ, ჩვენი ბრალიც ყოფილა, წინააღმდეგობა გაზარდეთო. კიდევ ერთი საკითხი, რასაც გვედავებიან, გვარებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმის გაშუქებაა. ახალგაზრდა კაცი პოლიციელების თვალწინ ჩაცხრილეს შეიარაღებულმა პირებმა. რადიო ამ საკითხს ფართოდ და სიღრმისეულად აშუქებს. ეს აღიზიანებთ და გვიპირისპირდებიან. არის სხვა საკითხებიც, მაგრამ მთავარი ესენია. ორჯერ გამართეს აქცია რადიოს წინააღმდეგ. სალაფიტური თემის იმამი და სხვა სასულიერო პირებიც ჩართეს. ჩვენ ვიცით, ვინც მართავს ამ აქციებს და ორგანიზებულ კამპანიას სუს-თან შეთანხმებით. ეტაპობრივად ყველაფერს გავამჟღავნებთ“, - ამბობს გელა მთივლიშვილი.


მისივე თქმით, რადგან აქციებისა და მუქარების შემდეგ მიზანს ვერ მიაღწიეს და რადიო კვლავ აგრძელებს მუშაობას, ხელისუფლებაში გადაწყვიტეს, რომ მედიასაშუალება ოფისის გარეშე დატოვონ.

"მიხვდნენ, რომ წინასაარჩევნოდ ასეთი ხმაური არ აწყობდათ და დროებით, არჩევნებამდე შეაჩერეს. მაგრამ, უხმაუროდ ვერასდროს ჩაივლის, ვერც არჩევნების შემდეგ, თუ ისევ გაგრძელდა“ – ამბობს მთივლიშვილი.
| Print |