მედია
ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ იუბილარია
ახალციხის „მეცხრე არხი“ იუბილარია. ზუსტად 23 წლის წინ, ახალციხეში, ადგილობრივმა ტელევიზიამ მაუწყებლობა დაიწყო.

ამ ხნის მანძილზე, ტელეკომპანიასა და მის თანამშრომლებს, არაერთი რთული პერიოდის გავლა მოუწიათ, თუმცა „მეცხრე არხი მაუწყებლობას დღემდე უწყვეტად განაგრძობს.

23 წლის წინ, რამდენიმე მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ახალციხეში, მედია გარემო უფრო კონკურენტული გაეხადა. ახალგაზრდებს არ ჰქონდათ ფული, თუმცა ჰქონდათ ენთუზიაზმი. შედეგად ერთი ვიდეოკამერით, ორი მიკროფონითა და სამონტაჟო ვიდეომაგნიტოფონით ქალაქში ახალი ტელევიზია გაიხსნა.

ადგილობრივმა ტელევიზიამ რეგიონში მიმდინარე პროცესები, პრობლემები თუ წარმატება, ობიექტურად უნდა გააშუქოს – ეს არის ერთის მხრივ, მაყურებლის მოთხოვნა, მეორე მხრივ კი მედიასაშუალების მოვალეობა. ამიტომ „მეცხრე არხში“ყველაფერი კეთდება, იმისთვის, რომ ეთერში მხოლოდ დაბალანსებული ინფორმაცია გავიდეს, ტელეკომპანიის ვებ-გვერდი კი მრავალფეროვანი და საინტერესო იყოს.

„მეცხრე არხმა“ მაუწყებლობა 1997 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. ორი ათეული წელია, არხი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებს.
| Print |