მედია
"მეცხრე არხის" მასალამ კონკურსში გაიმარჯვა
tv9news.ge - ს სიუჟეტმა კონკურსში გაიმარჯვა. მაია იველაშვილის მიერ მომზადებულმა მასალამ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ჟიურის მოწონება დაიმსახურა.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, სამოქალაქო კამპანია "ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში, გამოცხადებულ კონკურსში ერთ-ერთ საუკეთესო მასალად TV9NEWS.GE -ს რეპორტაჟი მარტო კაცის სინაგოგა - 250 ლარი გადარჩენისთვის -დასახელდა. პანდემიიდან გამომდინარე კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა სპეციალურად ჩაწერილ გადაცემაში დასახელდა, რომელიც 30 დეკემბერს, 16:00 საათზე თერთმეტი რეგიონული არხის (მეცხრე ტალღა, TOK TV, ოდიში, მარნეული, tv, გურჯაანი tv, გურია tv, ტვ 25, რიონი, მეცხრე არხი, თანამგზავრი, დია) ეთერში გავიდა.

მასალა ახალციხეში მდებარე, საქართველოში უძველეს ებრაულ სალოცავს ეხებოდა და პანდემიის პირობებში მისი მდგომარეობა იყო ასახული. იმის გამო, რომ სინაგოგას ტურისტები ვეღარ სტუმრობდნენ და შესაბამისად, შემოწირულობას აღარ აკეთებდნენ, ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარეს დარაჯისა და დამლაგებლის სამსახურიდან გაშვება მოუწია.

მას შემდეგ, რაც პრობლემის შესახებ ტელეკომპანია "მეცხრე არხმა" სიუჟეტი მოამზადა, მოქალაქეებმა სინაგოგას ვიდეოთვალი შეუძინეს.

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში. პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.
| Print |