მედია
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ახალციხეში გააპროტესტებენ
პატივს მივაგებთ ჩვენი კოლეგის ლექსო ლაშქარავას ხსოვნას და ვითხოვთ ყველა დამნაშავის დასჯას- ამ ლოზუნგით ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და აქციას შოთა რუსთაველის ძეგლთან 19:00 სთ-ზე გამართავენ. 

დღეს, 11 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ოპერატორს 5 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.

ლექსო ლაშქარავას ცხედარი დილიდანვე ექსპერტიზაზე გადაასვენეს, თუმცა ოჯახს ამის სურვილი არ ჰქონია. როგორც გარდაცვლილის დედა "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, ამისი წინააღმდეგი იყო.

თუმცა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ოჯახის სურვილი არ გაითვალისწინეს.

რაც პოლიციამ აქ ჩაატარა სპეცოპერაცია, ასეთი რამე არც მინახია და არც გამიგია - ამბობს ვატო წერეთელი, ტვ პირველის ხელმძღვანელი.

შსს-მ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
| Print |