ადგილობრივი ხელისუფლებისა და მასმედიის ურთიერთობას საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები განიხილავენ. მერიის მაღალი თანამდებობის პირები რეგიონში მოქმედ მედიას სარედაქციო პოლიტიკას უწუნებენ და ურთიერთობის საკუთარ პირობებს უწესებენ.
ახალციხის მერიიდან და საკრებულოდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაში ფულს როგორც ჟურნალისტები, ასევე რიგითი მოქალაქეებიც გადაიხდიან. დეპუტატების უმრავლესობამ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, თუ გამოთხოვილი ინფორმაცია 40 გვერდს აღემატება, მაშინ განმცხადებელს თითო ფურცელში 5 თეთრის გადახდა მოუწევს.
ქალაქის საკრებულოს სხდომა ადგილობრივი მედიის კრიტიკით დაიწყო.
ხმაური მოყვა ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის
განცხადებას, რომ ,,მე–9 არხსა“ და ,,სამხრეთის კარიბჭეს“ ადგილობრივი
ხელისუფლებიდან ინფორმაციის მიღებისას პრობლემები ექმნება. ოპოზიციური
პარტიების წარმომადგენლებმა მერიას ადგილობრივ მედიასთან
ურთიერთობისკენ მოუწოდა.
ქალაქის მერმა ადგილობრივი მედიისა და მერიის ურთიერთობაზე კომენტარი საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგაც გააკეთა. გიორგი კოპაძე ,,მე–9 არხთან“ ურთიერთობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ ტელეკომპანია მისი შემოთავაზებული პირობების მიხედვით იმოქმედებს. ქალაქის პირველმა პირმა თოქ–შოუ ,,დიალოგის“ ფორმატი დაიწუნა და პირდაპირ ეთერში მიპატიჟებისას, ოპონენტებად შესაფერისი რანგის სტუმრები შერჩევა მოითხოვა.
ახალციხის მერიიდან გადაცემებში მონაწილეობაზე უარი ,,მე–9 არხის“ მსგავსად ,,სამხრეთის კარიბჭემაც“ არაერთხელ მიიღო. გაზეთის ჟურნალისტებს მერიაში ეუბნებიან, რომ კითხვებზე პასუხის მისაღებად ადგილობრივ ხელისუფლებას წერილობით უნდა მიმართონ. თამუნა უჩიძე ამბობს, რომ ამის გამო სამუშაო პროცესი ფერხდება და მნიშვნელოვანი თემები დროულად ვერ შუქდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის ინტერვიუს ჩასაწერად ,,მე–9 არხის“ჟურნალისტებს საჯარო მოხელეებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან რამდენიმედღიანი მოლაპარაკება უწევთ. ამის მიუხედავად, კორესპონდენტების კითხვები ხშირად მაინც უპასუხოდ რჩება. რესპონდენტები და პრესსამსახურის წარმომადგენლები ინტერვიუზე უარის თქმის მიზეზად მერის მოუცლელობასა და მნიშვნელოვან საქმეებს ასახელებენ.
ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მედია საუკეთესო საშუალებაა, რომ ინფორმაცია მოსახლეობამდე დროულად მივიდეს და ეს საშუალება ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს – ამბობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ახალი თვითმმართველობების ჩამოყალიბების შემდეგ, ახალციხის მერიასა და გამგეობას მედიასთან და მოსახლეობასთან უკეთესი კომუნიკაციის მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის რამდენიმე შტატი დაემატა. დღეს ცალ–ცალკე პრესსამსახური ჰყავს როგორც ახალციხის მერიას და საკრებულოს, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მედიის ჟურნალისტების კითხვები არც თუ იშვიათად მაინც უპასუხოდ რჩება.