მედია
ჯარიმა შსს -ს 2 000 ლარი, ხოლო სამედიცინო დაწესებულებას 500 ლარი - ლაშქარავას საქმე სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაში
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეაფასა. უწყების შეფასებით, 11 ივლისს სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ვერც ერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით და ამასთან ერთად, ბრიფინგებზე არ იქნა განმარტებული ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალებასთან აღნიშნული ჩანაწერების კავშირი.

უწყებამ ლექსო ლაშქარავას პერსონალური მონაცემების უსაფუძვლოდ დამუშავებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 000 ლარით დააჯარიმა. 500 ლარით დაჯარიმდა სამედიცინო დაწესებულებაც, საიდანაც შსს-მ კადრები ამოიღო.

,,სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ჩატარებული შემოწმებების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე (მონაცემთა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამუშავება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამავე მუხლით) და 44-ე (მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამავე მუხლით) მუხლების მეორე პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

ასევე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე (მონაცემთა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამუშავება), 44-ე (მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა) და 46-ე (მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობა) მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით"
, - ნათქვამია განცხადებაში. 

სახელმწიფო ინსპექტორის ხმაურიან დასკვნაზე "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა ამბობს, რომ ხელისუფლებას ვიდეოკადრების გავრცელებით მისი შვილის დისკრედიტაცია სურდა.

შვილმკვდარი დედა ექსპერტიზის დასკვნას ითხოვს და ამბობს, რომ ლექსოს გარდაცვალებიდან 3 თვის თავზეც, ოჯახისთვის დასკვნა უცნობია.

ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნას, რომელმაც „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეაფასა, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

"ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ შსს კანონის შესაბამისად მოქმედებს და ასეთ დროს მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის გაზიარება საზოგადოებისთვის.

კობახიძემ გომელაურს დღეს "დროული მოქმედებებისთვის" მადლობა გადაუხადა.
| Print |