მედია
"გადაწყვეტილება ატარებს მედიაზე ზეწოლის ნიშნებს" - რეგიონული მედიასაშუალებები გვარამიას დაკავებაზე
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, მედიის ასოცაიციასა და რადიოსადგურთა ქსელთან ერთად, ნიკა გვარამიას დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს. მაუწყებლები მიიჩნევენ, რომ მენეჯერული გადაწყვეტილების გამო, მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელის სისხლის სამართლით გასამართლება დაუშვებელია.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის თაობაზე ჩვენს მიერ აღქმულია როგორც უკიდურესად საშიში პრეცენდენტი, რამაც შეიძლება საქართველოში შეუძლებელი გახადოს კერძო მედიაოგრანიზაციების თავისუფალი საქმიანობა.

მივიჩნევთ რომ მენეჯერული გადაწყვეტილების გამო, მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელის სისხლის სამართლით გასამართლება დაუშვებლია! გადაწყვეტილება ატარებს მედიაზე ზეწოლის ნიშნებს და განსაკუთრებულ უარყოფით გავლენას იქონიებს, როგორც მედიაგარემოზე, ისე ზოგადად ქვეყნის ბედზე, მის ევროპულ მომავალზე, გაზრდის დაპირისპირების ფონს და პოლარიზაციას, რაც "დამოკლეს მახვილვით" ჰკიდია, როგორც ქართული მედიის, ისე საქართველოს საზოგადოების თავზე.

მივმართავთ საქართველოში მედიაგარემოზე და ქვეყნის ბედზე მზრუნველ ყველა ინსტიტუტს, გააკეთონ ყველაფერი მდგომარეობის გამოსასწორებლად!"
- წერია განცხადებაში. 

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსში, მედიის ასოციაციასა და რადიოსადგურთა ქსელში საქართველოს მასშტაბით, 45 რეგიონული მედიასაშუალება შედის, მათ შორისაა ტელეკომპანია "მეცხრე არხიც".
| Print |