რუსული კანონის წინააღმდეგ ახალციხეში აქცია დაიგეგმა
რუსულ კანონს დღეს, 15 აპრილს, ახალციხეშიც გააპროტესტებენ. აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორმა ბექა მესხმა მოქალაქეებს შოთა რუსთაველის ძეგლთან 19:00 საათზე შეკრიბისკენ მოუწოდა.
"ვაპროტესტებთ რუსულ კანონს! ჩვენი გზა მხოლოდ ევროპისკენ მიდის!", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქტივისტი ბექა მესხი tv9news.ge-სთან ამბობს, რომ დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტივისტია, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო.
,,როგორც მოქალაქე, რომელიც უყურებს ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს და ვერ ესწრება თბილისში გამართულ აქციას, სურვილი მქონდა გამომეხატა ჩემი პოზიცია და ვინაიდან ვიცი, რომ ახალციხეში ბევრი ახალგაზრდაა, რომელიც ეწინააღმდეგება დაინიცირებულ კანონს, მათაც მიეცემათ საშუალება, რომ თავისი პოზიცია დააფიქსირონ საჯაროდ.
ველოდები ყველას ვისაც გული შესტკივა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და სახლში გაჩერება უჭირს.
ვინაიდან დამოუკიდებლად ჩემი სურვილით დავაინიცირე, არავითარი ფინანსები არ მაქვს, რომ აპარატურა მქონდეს ტერიტორიაზე. შესაბამისად არ იქნება არანაირი სიტყვით გამოსვლები, არც არის საჭირო იდეაში. მხოლოდ საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებას ემსახურება ეს აქცია და იმართება თბილისის აქციის პარალელურად, რაც ნიშნავს იმას, რომ ვუერთდებით თბილისში გამართულ აქციას ახალციხიდიან", – ამბობს იგი.
დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიწყო ე.წ. აგენტების კანონის განხილვა. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ეს კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.
დღევანდელი სხდომის გაშუქების შესაძლებლობა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეუზღუდა ონლაინმედიის წარმომადგენლებს.
პარლამენტის შენობის გარეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები აპროტესტებენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას, რომელსაც რუსულ კანონს უწოდებენ. რუსეთში 2012 წელს მიღებული და წლების განმავლობაში დამძიმებული ანალოგიური კანონი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დევნის საფუძველი გახდა.
საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.