რაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში მედიასთან შეხვედრისას?
ბიძინა ივანიშვილმა სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ მედიასთან შეხვედრა, ნახევარსაათიანი მონოლოგით დაიწყო.

ბიძინა ივანიშვილმა სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ მედიასთან შეხვედრა, ნახევარსაათიანი მონოლოგით დაიწყო.

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებამდე, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ცხრაწლიან პერიოდზე, ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოს პროგრესზე, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე, მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე ისაუბრა. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქეს“ დამფუძნებელმა, ანალიზის გაკეთებისას საერთაშორისო რეიტინგები მოიშველია.

როგორ არჩევენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ,,ქართულ ოცნებაში“ და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს ამ პროცესში მმართველი პარტია – ,,მე–9 არხის“ ჟურნალისტის კითხვაზე ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ზოგადი პასუხი გასცა და ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ადგილობრივ მედიასთან ურთიერთობისკენ მოუწოდა.

ბიძინა ივანიშვილს, რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა კითხვები სომხური ენის სტატუსზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსზე, სოფლის მეურნეობის საკითხებსა და სამცხე–ჯავახეთში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე დაუსვეს.

ყოფილ პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას რეგიონში მოქმედი მედიასაშუალებების 11 წარმომადგენელი ესწრებოდა. ჟურნალისტებს კითხვის დასმის შესაძლებლობა, მხოლოდ ერთხელ მიეცათ.


| Print |