მედია
უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. 9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ-გვერდზე ოფიციალურად გამოაქვეყნა.

  • "ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
  • გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება -
  • ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
  • გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს პანორამა.
  • უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს პანორამას სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება" - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელსაც საკუთარ გვერდზე "რუსთავი 2 " ავრცელებს.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სამაუწყებლო კომპანიის იურისტები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე განაცხადს შეიტანენ.

ამის თაობაზე მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ასევე ავტომატურად გაუქმდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო 'რუსთავი 2"-ის სარჩელებს დააკმაყოფილებს.

"ჩვენ ხვალვე ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული მექანიზმია ეს და ძალიან სერიოზული და შრომატევადი საქმეა ეს და დროს მოითხოვს, მაგრამ ვნახავთ, მაინც ვცდით ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში. ხვალ შეგვაქვს შეჩერებაზე ამ გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი. ვნახოთ როგორ წარიმართება ეს ყველაფერი. ასევე მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მათ ხელთ არის განიხილონ ჩვენი სარჩელები ბოლოს და ბოლოს და მიიღონ გადაწყვეტილება, მათ შორის ანტიკონსტიტუციურობაზე და უკუძალაზე ამ მიმართულებით გადაწყვეტილების. ეს ორი სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, თავისთავად ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება ავტომატურად გაუქმდება," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

| Print |
თეგები: რუსთავი 2 /