მედია
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ ჟურნალისტებს მიმართვს :

,,ქართულ მედიას ვულოცავ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს! წლების განმავლობაში თქვენი პროფესიონალიზმით, შეუპოვრობით, ენთუზიაზმით თქვენ შედექით რეალურ მეოთხე ხელისუფლებად.

თქვენ შეძელით, რომ ერთდროულად შეგექმნათ საინფორმაციო ველი და საზოგადოებრივი განწყობა; თქვენ შეძელით ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი. რეალურად, ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეს თქვენი ყოველდღიური მუშაობა განაპირობებს.

მინდა, მადლობა გითხრათ ამისათვის და გისურვოთ მომავალი წარმატებები" – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

პრესის საერთაშორისო დღე აფრიკელი ჟურნალისტების მონაწილეობით დაარსდა, რომლებმაც ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ აფრიკის კონტინენტზე თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს.

1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტები ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონალურ სემინარზე შეიკრიბნენ, რომელიც დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას შეეხებოდა. მათ ე. წ. "ვინდჰუკის დეკლარაცია" მიიღეს, რომლითაც ქვეყნების მთავრობებს პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფა მოუწოდეს. ამ სემინარზე მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვეტილება მიიღო, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე სწორედ 3 მაისს აღენიშნა.

| Print |