მედია
უკრაინაში რუსული ვებ–საიტებისა და მედიაკომპანიების მუშაობა აიკრძალა
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე რუსული სოციალური ქსელისა და საძიებო სისტემის წინააღმდეგ, უკრაინაში სანქციები დაწესდა. პოროშენკოს განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე "ვკონტაქტეს", "ოდნოკლასნიკის", "იანდექსისა" და "მეილ.რუს" აკრძალვის შესახებ, 16 მაისს გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ საინტერნეტო საიტები "შეიზღუდება" ან "დაიბლოკება" სამი წლის ვადით. განკარგულებაში ასევე მითითებულია, რომ კიევის ეს ნაბიჯი პასუხია უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ აგრესიაზე, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ყირიმის დაკავებასა და ომის გაჩაღებას გულისხმობს, რის შედეგადაც 9 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

აკრძალული კომპანიების სიაშია ასევე საინტერნეტო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე კომპანიები, მათ შორის "კასპერსკის ლაბორატორია", ასევე რუსული მედიაკომპანიები - "ერბეკა", "ტეენტე", "რენ-ტივი" და "ნაციონალური მედიაჯგუფი". უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები შეეხება რუსეთში, ყირიმში, დონეცკსა და ლუგანსკში მომუშავე 568 ორგანიზაციასა თუ კომპანიას და 1228 პირს.
| Print |