მედია
მზარდი თუ კლებადი სატელევიზიო ბაზარი – GNCC მონაცემებს აქვეყნებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ  გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2017 წელს ტელევიზიებმა შემოსავლის სახით 73 982 546

ლარი მიიღეს, რაც დაახლოებით 15 პროცენტით ნაკლებია 2016 წლის შემოსავლებზე. 2016 წელს ტელევიზიებმა 86 128 264 მიიღეს.

ტელევიზიების შემოსავლების კლების მიუხედავად,  GNCC ამტკიცებს, რომ სარეკლამო ბაზარი მზარდია და ამას იმ მოკვლევით ხსნის, რომელიც თავად ჩაატარეს.

GNCC-ის ცნობით, ,,2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს. აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და მედია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა, კერძოდ, მაუწყებლების რაოდენობა 54–დან 98-მდე არის გაზრდილი, ხოლო ეროვნული ღია საეთერო მაუწყებლების რაოდენობა (საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩათვლით) 2012 წლიდან დღემდე 4–დან 21-მდეა გაზრდილი".

GNCC-ის ცნობით, შემოსავლების მიხედვით უნდა გამოიყოს ორი ყველაზე დიდი მედიაჰოლდინგი- შპს “ტელეიმედი” (“ტელეკომპანია იმედი”, “GDS”, და “მაესტრო”) და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” (“რუსთავი 2”, “კომედი”, “მარაო”), რომლებსაც, ჯამში, საქართველოს სარეკლამო ბაზრის 81% უკავიათ. ორივე კომპანიამ 2017 წელს თავიანთი სარეკლამო დროის გაყიდვა შპს “ინტერ მედიას” მიანდო, მანამდე კი ისინი რეკლამას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ყიდდნენ. როგორც მარეგულირებელი ამტკიცებს, აღნიშნულმა ცვლილებამ  გაურკვევლობა და სარეკლამო შემოსავლების სხვაგვარად განაწილება გამოიწვია.

მარეგულირებრის მტკიცებით, 2017 წლამდე სარეკლამო სააგენტოები გაყიდული რეკლამიდან მხოლოდ 5-7 პროცენტს იღებდნენ, 2017 წელს ტელევიზიების მიერ მოფიქრებული გაყიდვის სისტემით კი საკომისიო გაიზარდა და სარეკლამო სააგენტოს 20%-ზე მეტი დარჩა.

,,ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ 2017 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის შემოსავლების მსგავსად, 2015 წლის სარეკლამო ბაზრის შემოსავლებიც არ შემცირებულა, ის მინიმუმ 10 მილიონი ლარით მეტია კომისიაში კომპანიების მიერ წარმოდგენილ საკუთარ შემოსავლებთან შედარებით. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის შემოსავლები შემცირებული არ არის.  შემცირებულია არა სარეკლამო ბაზარი, არამედ ტელევიზიებში შესული თანხები”, – ასკვნის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. 

| Print |