მედია
კახა ბექაური: ,,მედიაკომპანიებმა უნდა მოახერხონ მულტიმედიური კონტენტის განვითარება"
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მოცულობაზე კომისიის შეფასებასა

და ამ შეფასებასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს, ტელეკომპანია „იმედის“ ყოველკვირეულ გადაცემაში "იმედის კვირა" გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემსახურებოდა იმას, რომ სარეკლამო ბაზარი გაზრდილიყო. 

რაც შეეხება მომავალი წლის სარეკლამო ბაზრის ტენდენციებს, ბექაურის თქმით მომხმარებლების მხრიდან მედიაკონტენტის მოხმარება იცვლება.

"კლასიკური მედიაპლატფორმებისგან განსხვავებით, როგორიცაა ტელევიზია, რადიო და ბეჭდური მედია, ბოლო პერიოდში ძალიან ვითარდება მულტიმედიური კონტენტი.

სმარტფონებითა და გაჯეტებით ძალიან აქტიური გახდა მომხმარებლების მხრიდან როგორც ვიდეო, ასევე ტექსტური კონტენტის მოხმარება. ამიტომ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მედიაკომპანიებს, აუცილებლად გადაეწყონ ამ სიახლეზე.

იმიტომ, რომ ბაზარზე არ არის ამ მხრივ კარგი სიტუაცია. რასაც ვუყურებ, ისინი ვერ ერგებიან ახალ გამოწვევებს. დიახ, ისინი ცდილობენ ინტერნეტის კონტენტის შექმნასაც, მაგრამ უჭირთ. ეს ტრენდი მთელ მსოფლიოში ასეა - კლასიკური სატელევიზიო ბაზარი აღარ გაიზრდება ან თუ გაიზრდება ძალიან მცირედით, მაგრამ ძალიან მზარდი იქნება ინტერნეტის სარეკლამო ბაზარი.

შესაბამისად, მედიაკომპანიებმა უნდა მოახერხონ მულტიმედიური კონტენტის განვითარება, რომ მაყურებლის მოთხოვნა, ამ შეცვლილი ქცევის შესაბამისად დააკმაყოფილონ",
- განაცხადა კახა ბექაურმა.
| Print |