პოლიტიკა
"უზენაესის გადაწყვეტილება არ ჩაგვბარებია" - დეპუტატის ადვოკატი
საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ქალაქის ყოფილი მერის წინააღმდეგ – საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, ოპოზიციონერი დეპუტატი ჯიმშერ გოგოლაური ხუთი თვეა ელის.
ბოლო ინსტანციის გადაწყვეტილებით, ახალციხის ყოფილმა მერმა და ახლა უკვე ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, "მე–9 არხის" პირდაპირ ეთერში, ორწელიწადნახევრის წინ გაკეთებული განცხადება უნდა უარყოს.
პარლამენტის წევრს ბოდიში ამ დრომდე არ მოუხდია, ამიტომ ჯიმშერ გოგოლაურმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს 12 ივნისს მიმართა. უწყებაში ამბობენ, რომ სააღსრულებლო ფურცელი მათთან ჯერ არ შესულა.
"როცა შემოვა გავუგზავნით შეტყობინებას მოვალე მხარეს სასამართლოს დაკისრებულის ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. ვადა დაახლოებით, 10 დღეა. თუ ბოდიში არ მოიხადა, შესაძლოა აღმსრულებელმა კიდევ ერთხელ მისცეს ვადა. ჩვენ მხოლოდ ნებაყოფლობითი აღსრულებისკენ მოწოდება შეგვიძლია. ამ პროცედურებს ჯამში 1–დან 2 თვემდე დასჭირდება. ამის შემდეგ ჩვენ საქმეს ვამთავრებთ, მაგრამ ეს გახდება საფუძველი იმისა, რომ მხარემ საქმე წაიღოს პროკურატურაში, რადგან როცა აღსრულების ბიუროს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებ, ეს არის სისხლის სამართლის საქმე", – ამბობს აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი პაატა შამუგია.
"მე–9 არხის" კითხვებს არ პასუხობს გიორგი კოპაძე. მისი ადვოკატი სამივე ინსტანციაში დავით მუმლაძე კი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იციან.
"უზენაესის გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია. ისიც არ ვიცი, რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, ამიტომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან კომუნიკაცია არ მქინია. არც აღსრულების ბიუროსგან მოგვსვლია შეტყობინება. როცა ჩაგვბარდება ადეკვატურად მოვიქცევით", - განაცხადა დავით მუმლაძემ. თუმცა რას გულისხმობენ ადეკვატურ მოქცევაში, ადვოკატმა არ დააკონკრეტა.
გიორგი კოპაძეის ადვოკატი დავით მუმლაძე
უზენაეს სასამართლოში კი ამბობენ, რომ საქმის მსვლელობის შესახებ, მოსარჩელეც და მოპასუხეც ინფორმირებულები არიან. "მხარეები პერიოდულად მირეკავდნენ, მათ იციან პროცედურა როგორია. ჩვენ ვატყობინებთ სარეზოლუციო ნაწილს, დასაბუთებული გადაწყვეტილებისთვის მოდიან და მიაქვთ სააღსრულებლო ფურცელი", - განაცხადა მოსამართლის თანაშემწემ.
შეგახსენებთ, რომ ღნიშნული დავა ჯიმშერ გოგოლაურმა დაიწყო და ახალციხის ყოფილი მერისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. კოპაძეს გოგოლაურისთვის სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის გადახდაც მოუწევს.
ჯიმშერ გოგოლაური არ გამორიცხავს, რომ გიორგი კოპაძეს იგივე საქმეზე მორალური ზიანის მიყენებისთვისაც უჩივლოს. ის ამბობს, რომ ქალაქის ყოფილი მერის განცხადებამ, მას პოლიტიკური კარიერის შექმნაში ხელი შეუშალა.
საქმე ეხება 2015 წლის 10 დეკემბერს, მე–9 არხის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დიალოგიში" გაკეთებულ განცხადებას, სადაც ქალაქის მერმა საკრებულოს დეპუტატს ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.
საქმე ყველა ინსტანციამ განიხილა და ჯიმშერ გოგოლაურის სარჩელი დააკმაყოფილა.
Print